Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  10:12

რონალდუ: "რეკორდებს არ ვეძებ, ისინი ჩემთან მოდიან - ეს ბუნებრივად ხდება"

კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-700 გოლი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი პენალტიდან აიღო, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრა 1:2 დათმო და „ევრო 2020“-ზე მოსახვედრად ბოლო 2 ტურში წარმატებით თამაში სჭირდება.

კრიშტიანუმ 5 გოლი „სპორტინგში“ ასპარეზობისას გაიტანა, 118-ჯერ თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გამოიჩინა, „რეალის“ მეტოქეებს 450 ბურთი გაუტანა, „იუვეს“ მაისურით 32 გოლი აქვს, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 95 შედეგიანი დარტყმა მოაგროვა.

პირენეელთა კაპიტანი კიდევ ერთ საერთაშორისო გახმაურებულ რეკორდს უმიზნებს. იგი სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა და ირანელ ალი დაეის 15 გოლით ჩამორჩება.

სიმართლე გითხრათ, რამდენი რეკორდი მაქვს, არ ვიცი. მათ არ ვეძებ, ისინი ჩემთან მოდიან - ეს ბუნებრივად ხდება.

შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ჩემი გუნდით ვამაყობ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომ ისეთი ფეხბურთელი გავხდი, როგორიც ვარ.

ბოლოს ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ვითამაშე და შესანიშნავი შეგრძნება იყო, როცა თასის მოპოვება შევძელით. თუმცა, დღეს სხვაგვარი განცდა მაქვს, რადგან გამარჯვება ვერ შევძელით“.

ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით, რონალდუ მე-5 ადგილზეა, იგი ფერენც პუშკაშს 46-ით, რომარიოს 49-ით, პელეს 57-ით, ხოლო ჯოზეფ ბიჩანს 102 გოლით ჩამორჩება.

პორტუგალიის ნაკრებს „ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 11 ქულა აქვს და მესამეადგილოსან სერბეთს 1 ქულით უსწრებს. რონალდუ და მისი თანაგუნდელები ბოლო ორ ტურში ლიეტუვასა და ლუქსემბურგს შეხვდებიან და წესით ევროპირველობის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები