მაკარტი თბილისური მატჩისთვის ემზადება:''ეს არ იქნება რისკი''
Aa
Aa

მაკარტი თბილისური მატჩისთვის ემზადება:''ეს არ იქნება რისკი''

პრემიერლიგის გასულ ტურში ''ბრაიტონის'' ირლანდიელმა ფორვარდმა აარონ კონოლიმ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტს, პოჩეტინოს ''ტოტენჰემს'' 2 გოლი გაუტანა. მატჩი  გარი პოტერის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა, 19 წლის კონოლიმ გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

თუ მიკ მაკარტი თბილისში, ''დინამო არენაზე'' ათამაშებს, 19 წლის კონოლისთვის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი იქნება.

მიკის ''ბრაიტონი'' - ''ტოტენჰემის'' მატჩისთვის თვალი არ უდევნებია, თუმცა მისმა ასისტენტმა რობი კინმა კონოლის თამაში იხილა და მაკარტის მოკლე ტექსტური შეტყობინებით 19 წლის მოთამაშის კარგი თამაშის შესახებ ამცნო.

მიკ მაკარტი: ''მახარებს კონოლის ძალიან კარგი თამაში. კარგია, რომ შესაძლებლობა მაქვს ვათამაშო თუ საჭიროდ ჩავთვლი. მისი სისწრაფე, მოძრაობა და აგრესიულობა ძალიან კარგია. კონოლიმ პირველი გოლისას მცველებს შორის მოქცეულმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა, შემდეგ ბოლომდე ითამაშა და შეაგდო. ანალოგიურად ჭკვიანურად იმოქმედა მეორე გოლისას.

საქართველოს ნაკრებთან 4-3-3 ტაქტიკური სქემით თამაშს ვგეგმავ, სამი ფორვარდით ვითამაშებთ. შესაძლოა, კონოლიმ სასტარტოში ითამაშოს, მას რამდენიმე პოზიციაზე განვიხილავთ. კონოლის სასტარტოში თამაში რისკი არ იქნება.''

ირლანდიის ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოსთან  შესაძლოა ''ბრაიტონის'' მცველმა შეინ დაფიმ და ''შეფილდის'' ფორვარდმა დევიდ მაკგოლდრიკმა ვერ ითამაშონ, თუმცა მაკარტი იმედოვნებს, რომ შაბათის შეხვედრისთვის ორივე მოთამაშე მწყობრში იქნება.

ირლანდიის ნაკრების მცველმა ჯონ ეგანმა თბილისში გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ის ფაქტი, რომ ირლანდია საქართველოსთან დაუმარცხებელია, არაფერს ნიშნავს.

ჯონ ეგანი:''არ შეიძლება წარსულის შედეგებზე დიდ ყურადღებას ამახვილებდე. ყოველი თამაში ახალი გამოწვევაა. თუნდაც 20 მატჩი მოიგო, შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება გარანტირებული არ გაქვს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველო დუბლინში დავამარცხეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასევე გამოჩნდა, რომ საქართველო კარგი გუნდია.''

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ჯგუფის ლიდერ ირლანდიას უმასპინძლებს. საფეხბურთო დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები