ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ვიქტორ ვალდესი დაითხოვა!

"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ვალდესი "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდს აღარ გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტის გაშვების მიზეზად კლუბის აკადემიის ხელმძღვანელებთან იდეური კონფლიქტი სახელდება.

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, ვალდესს "ლა მასიას" დირექტორ პატრიკ კლუივერტთან არცთუ კარგი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რადგან ჰოლანდიელი ითხოვს, რომ აკადემიის ყველა გუნდი ერთი სისტემის ქვეშ მოექცეს და 4-3-3 სქემით ითამაშოს, თუმცა ვალდესი საკუთარ გუნდს ხშირად ასე არ ათამაშებდა.

ბოლო წვეთი გასულ უქმეებზე გამართული მატჩი გამოდგა, რომლის დროსაც ლეგენდარულმა მეკარემ ფეხბურთელები მოედანზე 4-4-2 სისტემით გამოიყვანა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სელექციას უკავშირდება - ვალდესი არ აძლევდა სათანადო სათამაშო დროს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებზეც "ბარსას" ხელმძღვანელობა სამომავლოდ იმედებს ამყარებს. ერთ-ერთი ასეთი ილაია მორიბა გახლავთ. 

ვალდესი "ბარსას" აკადემიის მწვრთნელთა შეხვედრასაც არ დაესწრო, არადა მისი შტაბის წევრები იქ იმყოფებოდნენ, თავად ვიქტორი კი ბოლო დროს საერთო თავყრილობებს თავს არიდებდა და გამონაკლისი არც ეს ღონისძიება გამოდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები