Aa
Aa

"ლეჩე" ჯექსონ მარტინესის ვარიანტზე გადაერთო

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის დებიუტანტი „ლეჩე“ შემადგენლობის გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებს და ამჯერად ჯექსონ მარტინესის შეძენაზე ფიქრობს.

სამხრეთული კლუბი კვალიფიციურ ცენტრფორვარდს ეძებს და აქამდე ბურაკ ილმაზის, კოსტას მიტროღლუსა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის ვარიანტებზე მუშაობდა, თუმცა ვერცერთის დაყოლიება ვერ შეძლო და ამიერიდან სწორედ 32 წლის მარტინესის ვარიანტზე გადაერთვება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ლეჩეს“ წარმომადგენლები კოლუმბიელს უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან და მასთან შესაძლო ტრანსფერის პირველად დეტალებს განიხილავენ.

მარტინესი ბოლო წლებში ჩინური „გვანჯოუ ევერგრანდის“ რიგებში თამაშობდა, გასული სეზონი კი პორტუგალიურ „პორტიმონენსეში“ გაატარა.

იმავე დი მარციოს თქმით, „ჯალოროსი“ კიდევ ერთ ცენტრფორვარდ გუიდო კარილიოს უმიზნებს. კარილიო „საუთჰემპტონის“ საკუთრებაა, თუმცა „წმინდანების“ სათამაშო მონახაზში ვერ ჯდება და კლუბის გამოცვლაზე თანახმაა.

აღსანიშნავია, რომ კარილიო არგენტინელია, მაგრამ იტალიის პასპორტსაც ფლობს, რაც მის სერია A-ში გადაბარგების შანსებს საგრძნობლად ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები