Aa
Aa

"ფიორენტინამ" რიბერი წარადგინა

"ფიორენტინამ" თავისი ახალწვეული, ფრანკ რიბერი ოფიციალურად წარადგინა. "ვიოლამ" პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიმდინარეობისას ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენციული კლუბისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

36 წლის ფეხბურთელმა "ფიორენტინასთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რიბერის სხვა გუნდებისგან უფრო სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ იტალიაში წასვლა აირჩია.

"მინდა ჩემს აგენტსა და კლუბის დირექტორს მადლობა გადავუხადო. ჩვენ მოლაპარაკებებს დიდხანს ვაწარმოებდით და საბოლოოდ შევთანხმდით პირობებზე, რომლებითაც კმაყოფილი ვარ".

"მოლაპარაკებებისას დავინახე, რომ ფიორენტინას ხელმძღვანელობა მოტივირებული იყო და ჩემი სჯეროდა. აქ გადმოსვლა ჩემი მეუღლის გამოც გადავწყვიტე. ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია".

"ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ, გახლავთ ის, რომ იტალიაში ხალხს ფეხბურთი უყვარს და ამ სპორტით ცოცხლობს. აქ თამაში საოცარი შეგრძნებაა და მინდა მოედანზე ყოფნისას დიდი სიამოვნება მივიღო".

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ევროპაში დარჩენა სწორედ ამიტომ მინდოდა და მიხარია ფიორენტინას ვარიანტი რომ გამოჩნდა. იმედი მაქვს ფრანჩესკო ტოტის მსგავსად მეც 40 წლამდე ვითამაშებ".

"მოტივირებული ვარ და ფეხბურთის თამაშის წყურვილი მკლავს. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რათა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო".

"წინადადებები საფრანგეთიდანაც მქონდა, მაგრამ ახალ გამოწვევებთან მსურდა გამკლავება. ფლორენცია ლამაზი ქალაქია და ფიორენტინა ამბიციური გუნდია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები