ხარაიშვილმა თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა! - ქართველის მორიგი წარმატებული მატჩი
Aa
Aa

ხარაიშვილმა თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა! - ქართველის მორიგი წარმატებული მატჩი

შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ბოლო მატჩში ჩვეულად შედეგიანად იასპარეზა გიორგი ხარაიშვილმა. „გიოტებორგის“ ქართველმა ლიდერმა „ჰელსინგბორგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა.

23 წლის ხარაიშვილის გუნდი 71-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, როცა გიორგიმ ბურთი საჯარიმოში მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და პრაქტიკულად ცარიელ კართან მდგომ თანაგუნდელს ოსტატური პასი გაუკეთა.

 

სტუმრებმა მალე მეორე გოლიც გაიტანეს, მორიგი 3 ქულა მოიპოვეს და წაუგებელ მატჩთა სერია 8-მდე გაზარდეს. „გიოტებორგმა“ 35 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილი დაიბრუნა. ხარაიშვილის გუნდი მესამეადგილოსან აიკ-ს - 5-ით, ხოლო მეორეადგილოსან „მალმიოს“ 6 ქულით ჩამორჩება.

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის მთავარი ლიგის 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა. საგოლე პასებით კი მუამერ ტანკოვიჩს გაუთანაბრდა და მასთან ერთად ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 7 ასისტი აქვს შესრულებული.

„გიოტებორგი“ შუა კვირაში დაბალი ლიგის წარმომადგენელ „ასტრიოსთან“ სათასო შეხვედრას ჩაატარებს, მომავალ ორშაბათს კი უკვე ჩემპიონატის ეგიდით მე-11 ადგილოსან „კალმარს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები