ბალოტელის გადაბირება "ბრეშასაც" მოუნდა
მარიო ბალოტელი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაძლოა მშობლიურ მხარეში დაბრუნდეს და ‘‘ბრეშას’’ მაისური მოირგოს.
‘‘მარსელთან’’ დასრულებული კონტრაქტის შემდეგ ბალოტელით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. გამოცდილი თავდამსხმელი ბრაზილიურ ‘‘ფლამენგოში’’ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა შესაძლოა ბალოტელი სერია ა-ში დაბრუნდეს.
Football Italia-ს ცნობით ‘‘ფლამენგოს’’ პრეზიდენტი მარკოს ბრაზი კლუბის წარმომადგენლებთან ერთად ლისაბონის გავლით მილანში ჩაფრინდა, სადაც ბალოტელის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდება. ბრაზილიური კლუბი მოთამაშეს წლიური ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსები წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში.
რაც შეეხება ‘‘ბრეშას,’’ იტალიური გუნდი წლიური ხელფასის სახით მარიოს 1 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა თუ ფეხბურთელი შედეგიან სეზონს ჩაატარებს და გუნდი სერი ა-ში ადგილს შეინარჩუნებს, ბალოტელის ბონუსების ჩათვლით შემოსავალი 3 მილიონ ევრომდე გაეზრდება.
2016-19 წლებში ბალოტელი ფრანგული ‘‘ნიცას’’ თავდამსხმელი იყო, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი ‘‘მარსელში’’ გაატარა.