ჯერ არაფერი დასრულებულა! პსჟ-მ ნეიმარს ფასი დააკლო და მზადაა
Aa
Aa

ჯერ არაფერი დასრულებულა! პსჟ-მ ნეიმარს ფასი დააკლო და მზადაა "ბარსელონაში" დააბრუნოს!

ბოლო დღეებში ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ნეიმარის პსჟ-ში დარჩენა გარდაუვალი იყო, თუმცა სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა.

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პარიზელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელს ფასი დააკლეს და ის ამიერიდან 300 მილიონის ნაცვლად 180 მილიონი ევრო ღირს.

პსჟ მზადაა, „ბარსელონას“ ნეიმარი დაუბრუნოს თუ კატალონიელები დასახელებულ თანხას გადაიხდიან. ფრანგულ კლუბს არ სურს არანაირი ბარტერი და მათ თანხის დაკლების სანაცვლოდ „ბლაუგრანას“ არცერთი მოთამაშის გაფორმება არ უნდათ.

წყარო წერს, რომ ნეიმარის გუნდიდან წასვლის მთავარი მომხრე სპორტული დირექტორი ლეონარდოა, რომელიც თანამდებობაზე ახლახანს დაინიშნა და პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მას დიდ ნდობას უცხადებს.

ლეონარდოს აზრით ნეიმარმა თავისი საქციელით გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა და ის კლუბში არცერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.

Spot-ი ასევე წერს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და კლუბების შუამავლები სიტუაციას პოზიტიურად აფასებენ.

წყაროს ცნობით, პსჟ დადებითად შეხედავს იმ ფაქტს, თუ „ბარსას“ პრეზიდენტი ბართომეუ ინიციატივას გამოიჩენს და ნეიმარის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებს სათავეში თავად ჩაუდგა.

ფეხბურთელის გარემოცვას სჯერა, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული და ტრანსფერი შედგება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ძირითადად გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და ტომას ტუხელი მას წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მუდმივად განაცხადს მიღმა ტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მარკო ვერატიმ ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

როცა ფეხბურთელს წასვლა სურს, კლუბმა იგი არ უნდა დააკავოს. რა თქმა უნდა გული დამწყდება თუ ნეიმარი წავა, მაგრამ კლუბმა არ უნდა დაიტოვოს ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის დატოვება სურს.

პირადად მე არასდროს გამიგია, რომ მას წასვლა სურდა. არ ვიცი ნეიმარმა კლუბს რა უთხრა, მაგრამ მინდა, რომ „ნეი“ ჩვენთან დარჩეს".

P.S. „ბარსას“ სავარაუდოდ მინიმუმ კოუტინიოს გაყიდვა მოუწევს, რომ ნეიმარის გასაფორმებლად სახსრები გააჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები