Aa
Aa

''დინამოს'' რევანში შედგა! დომინირება და ბრწყინვალე გოლი!

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანული ''გაბალა'' შინ თბილისის ''დინამოსთან'' 0:2 დამარცხდა.

2015 წელს თბილისის ''დინამო'' ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე სტუმრად ''გაბალასთან'' 2:0 დამარცხდა. ასე რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქალაქ გაბალაში რევანში აიღო და საქართველოში დადებითი განწყობითა და ამაღლებული ემოციებით დაბრუნდება. საბოლოო რევანშისთვის ''დინამომ'' საპასუხო მატჩი სასურველი ანგარიშით უნდა დაასრულოს.

ჩისკოს გუნდმა გამართული ფეხბურთი აჩვენა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. აზერბაიჯანული ''გაბალას'' დამარცხების შემთხვევაში ''დინამო'' მესამე ეტაპზე ჰოლანდიურ ''ფეიენორდს'' შეხვდება.

პირველი ტაიმი

თბილისის ''დინამო'' უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. თბილისელთა ფორვარდს, ლევან კუტალიას გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეაგდო, 41-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ნოდარ იაშვილის ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ანალოგიურ ვითარებაში კუტალია რამდენიმე წუთით ადრე მოხვდა, თუმცა შენგელიას ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან დარტყმული ''გაბალას'' მეკარემ და გუნდის კაპიტანმა ანარ ნაზიროვმა მოიგერია.

''გაბალამ'' რამდენიმე სახიფათო შეტევა განავითარა, აღსანიშნავია მერაბ გიგაურის ბრწყინვალე გადაცემა, როცა მასპინძელთა დებიუტანტი ფორვარდი კლესიო ბაკე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ''დინამოს'' ესპანელმა მეკარემ ხოსე პერალესმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და გუნდი გოლისგან იხსნა.

''გაბალას'' ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ხსენებული ბაკე, გიგაური და ვოლკოვი გამოირჩეოდნენ. მათ გარდა ცენტრალურმა მცველმა ივიცა ზუნიჩმა თავური დარტყმით ''დინამოს'' საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

 მეორე ტაიმი

შესვენების შემდეგ შედარებით მოსაწყენი თამაში ვიხილეთ, საგოლე მომენტების რაოდენობამ იკლო, ბურთის ფლობის უპირატესობა თანაბარი იყო, ორივე გუნდმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. აღსანიშნავია ვოლკოვის თავური დარტყმა, რომელიც გოლით არ დასრულდა.

დინამოელთა მხრიდან გოლის გატანის შანსი ნინუასა და კუტალიას ჰქონდათ, თუმცა ნინუას დარტყმა მეკარემ მოიგერია, კუტალიამ კი ბურთი ძელს გაარტყა.

74-ე წუთზე თამაშში არფანგ დაფე ჩაერთო, რომელმაც 87-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით გოლი შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა და ''დინამომ'' შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

 ''დინამოს'' შემადგენლობაში კვამე კარიკარის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 86-ე წუთზე ჩაერთო. მან ''დინამოს'' ერთ-ერთი ლიდერი ლევან შენგელია შეცვალა, რომელსაც დღევანდელ მატჩში უფრო მაღალი დონის თამაში მართებდა, ბელგიური ''ტუბიცეს'' ყოფილი შემტევი არაერთხელ შეცდა და ინდივიდუალურად მწვავე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა.

საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

დიმა შარიქაძე გაბალადან სპეციალურად CrystalSport-ისთვის

ფოტო: თამარ ჯიშკარიანის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები