''დინამოდან'' ესპანურ კლუბში? ანდალუსიელები შენგელიას პასუხის მოლოდინში
Aa
Aa

''დინამოდან'' ესპანურ კლუბში? ანდალუსიელები შენგელიას პასუხის მოლოდინში

CrystalSport-ის ცნობით თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელის, ლევან შენგელიას გადაბირება ესპანურ ''კადისს'' სურს. ანდალუსიურმა კლუბმა შენგელიას კონტრაქტი გამოუგზავნა და ესპანური კლუბი ფეხბურთელის პასუხის მოლოდინშია. ამ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

2018-19 წლების სეზონში ''კადისი'' ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძოდა და ფლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად მხოლოდ 4 ქულა დააკლდა. გასულ სეზონში ''კადისი'' ლა ლიგა 2-ში მე-7 ადგილზე გავიდა და მეექვსეადგილოსან ლა კორუნიის ''დეპორტივოს'' 4 ქულით ჩამორჩა.

23 წლის შენგელიამ, რომელსაც ბელგიასა და სამხრეთ კორეაში უთამაშია, შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში ''დინამო'' დატოვოს და კარიერა უცხოეთში გააგრძელოს. ფეხბურთელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტის ვადა 2019 წლის 31 აგვისტოს ეწურება.

თბილისური კლუბის შემტევმა მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში 23 წლის ფეხბურთელმა ''ვიტ ჯორჯიასთან'' შეხვედრაში უკანასკნელ წუთზე ბრწყინვალე გოლი შეაგდო და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩისკოს გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უკანასკნელი 4 მატჩი გამარჯვებით დაასრულა. გასული 4 შეხვედრიდან 3 თამაში ''დინამომ'' შენგელიას გადამწყვეტი გოლებით მოიგო.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები