Aa
Aa

"ლივერის" მე-6 ტრიუმფი და სხვა პერიოდის დაუვიწყარი მომენტები - ჩემპიონთა ლიგა ციფრებში

ჩემპიონთა ლიგა საინტერესო სტატისტიკური ფაქტებით მდიდარი ტურნირია. ამჟამინდელი ფორმატით უკვე 26 ფინალი ჩატარდა, წინამორბედი კი ჩემპიონთა თასი იყო, რომელიც 1955-1956 წლების სეზონიდან 1991-1992 წლამდე იმართებოდა.

ორივე ამ ფორმატის გათვალისწინებით, „ლივერპულმა“ უკვე 9 ფინალი ითამაშა, რაც ინსლისურ კლუბებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. „ტოტენჰემისთვის“ წელს საერთოდ სადებიუტო ფინალი გახლდათ და ის მე-8 ინგლისური კლუბია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობდა. 

  

საერთოდ, ბოლო 6 გუნდი, რომელსაც ამ ტურნირის ფინალში დებიუტი ჰქონდა, თასის გარეშე დარჩა - „ვალენსია“, „ლევერკუზენი“, „მონაკო“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.

ტურნირის დაარსების შემდეგ „ლივერპული“ მასში 23-ედ მონაწილეობდა, გუნდმა 6-ჯერ ტიტული მოიგო, 3-ჯერ კი ფინალში დამარცხდა. „ლივერი“ ევროტურნირთა საერთო შედეგების მიხედვით უეფას მიერ შედგენილ რეიტინგში მე-8 ადგილზეა, რაშიც უეფას თასის 3-ჯერ მოგება და 3-ჯერ ფინალში დამარცხებაც ეხმარება.

„ტოტენჰემი“ ამავე რეიტინგის 73-ე პოზიციას იკავებს, მან ჩემპიონთა თასსა თუ ლიგაზე მეხუთედ ითამაშა, თუმცა ტიტულის მოპოვება ამ დრომდე ვერ შეძლო. სამაგიეროდ, „ტოტე“ პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც დიდი ევროტურნირი მოიგო - 1963 წელს - თასების მფლობელთა თასი. ასევე 1971-1972 წლების სეზონში, ფინალში „ვულვზის“ დამარცხებით, უეფას თასს დაეუფლა, ეს კი ამ გათამაშების სადებიუტო სეზონი გახლდათ.


 

შემდეგ წელს ეს ტურნირი უკვე „ლივერპულის“ ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც 1/2 ფინალში სწორედ „ტოტენჰემს“ სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო აჯობა. წლევანდელ ფინალამდე ეს ამ გუნდების ერთადერთი ევროპული დაპირისპირება იყო. აქვე დავამატოთ, რომ 1984 წელს, „დეზებმა“ უეფას თასი კიდევ ერთხელ მოიგეს და ეს მათი ბოლო ევროპული ტიტულია.


 

იურგენ კლოპმა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალი მესამე ცდით მოიგო. მისმა „დორტმუნდმა“ 2013 წელს „ბაიერნთან“ წააგო, 2018 წელს კი „ლივერპულმა“ „რეალის“ ბარიერი ვერ გადალახა. გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერთან“ ერთად კიდევ ერთ ევროპულ ფინალში მიიღო მონაწილეობა - 2016 წლის ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩში „სევილია“ უკეთესი გუნდი აღმოჩნდა.

კლოპი მე-15 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მოედანზე მინიმუმ 60-ჯერ გაიყვანა. იგი ამ მაჩვენებლით ვისენტე დელ ბოსკესა და დიეგო სიმეონეს გაუთანაბრდა.

მაურისიო პოჩეტინოს ევროპული ტურნირის ფინალში მონაწილეობა არასდროს ჰქონდა მიღებული - არც ფეხბურთელობისას. მას აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ესპანიოლთან“ ერთად 2-ჯერ ესპანეთის თასი აქვს მოგებული, „ნიუელსის“ რიგებში კი არგენტინის ორგზის ჩემპიონია.

უშუალოდ ჩემპიონთა ლიგა არაევროპელ მწვრთნელს არასდროს მოუგია, ჩემპიონთა თასს კი მხოლოდ 2 არაევროპელი გამარჯვებული სპეციალისტი ჰყავს და ორივე არგენტინელია - ლუის კარნილია „რეალთან“ ერთად და ელენიო ერერა - „ინტერთან“.

ჩემპიონთა ლიგის ერაში, პოჩეტინომდე მხოლოდ 2 არაევროპელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ფინალში გაიყვანა და ისინიც არგენტინელები არიან. ექტორ კუპერმა „ვალენსიასთან“ ერთად, ხოლო დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ ერთად, 2-2 ფინალი წააგეს.

1997-დან 2002 წლამდე, გერმანელი მწვრთნელის გარეშე ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ერთმა ფინალმა ჩაიარა - 2000 წელს არგენტინელი კუპერი ესპანელ დელ ბოსკეს დაუპირისპირდა. კლოპამდე ჩემპიონთა ლიგა გერმანელმა მწვრთნელმა 4-ჯერ მოიგო, 5-ჯერ კი ფინალი დათმეს. 1993 წლიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანელი მწვრთნელების დუელი შედგა - 2013 წელს, იუპ ჰაინკესმა იურგენ კლოპი დაამარცხა, რომელსაც წლევანდელამდე ლიგის ორივე ფინალი წაგებული ჰქონდა.


 

„ლივერის“ დამრიგებელი მეორე გერმანელი სპეციალისტია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სხვა ქვეყნის გუნდს მოაგებინა - პირველად ეს სწორედ ჰაინკესმა გააკეთა, რომელმაც 1998 წელს მადრიდის „რეალი“ გააჩემპიონა. ჯამში 4 სპეციალისტია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტიტული ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიპოვა, მათგან ორი გერმანელია - ოტმარ ჰიტცფელდი და იუპ ჰაინკესი, ოთხეულის დანარჩენი წევრები კი ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი არიან.

კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კლოპი მეორე მწვრთნელია, რომელმაც ტიტულის მოგება წინა სეზონში ფინალის წაგების შემდეგ შეძლო. აქამდე იგივე ფაბიო კაპელომ გააკეთა, რომლის „მილანიც“ ამ ფორმატით ჩატარებულ პირველ ფინალში „მარსელთან“ დამარცხდა, მომდევნო გათამაშება კი იოჰან კრუიფის „ბარსელონას“ ფინალში განადგურებით დაასრულა.

  

ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული მწვრთნელი? - ეს პეპ გუარდიოლაა! მან 2009 წელს, „ბარსას“ ტიტული 38 წლისა და 129 დღის ასაკში მოაპოვებინა. პეპის გუნდი წლევანდელი გათამაშებიდან სწორედ პოჩეტინომ გამოთიშა.

ჩემპიონთა ლიგის 5 ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიდან სამი, 1995 წლის „აიაქსის“ წარმომადგენელია - ნვანკვო კანუ, კლარენს ზეედორფი და პატრიკ კლუივერტი. ასევე იქაა კარლოს ალბერტო, რომელმაც 2004 წლის ფინალში გოლიც გაიტანა და ლეგენდარული იკერ კასილიასი. ოღონდ, საგულისხმოა, რომ მხედველობაში მიღებული ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ფინალურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს.

ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო - „აიაქსთან“ – 1995 წელს, „რეალთან“ – 1998 წელს და „მილანთან“ 2003 და 2007 წლებში.

წლევანდელი ფინალის მონაწილე ფეხბურთელთაგან მხოლოდ ორს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ზე მეტი მატჩი ჩატარებული და ორივე ტოტენჰემელია - უგო ლორისი და ლუკას მოურა. ორივეს ფრანგული გამოცდილება აქვს და შეხვედრათა უმრავლესობა სწორედ მათ რიგებში გამართეს.

ფინალისტთაგან საუკეთესო ბომბარდირი სალაჰი იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავი უკვე 22-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ 15 გოლით ფირმინო მოდის, ჰიონ-მინ სონის აქტივში კი 14 შედეგიანი დარტყმაა.

  

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ 3 შემთხვევაა, როცა მომგები გუნდის კაპიტანი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო - 1999 წელს პეტერ შმეიხელმა „მანჩესტერს“ უკაპიტნა, 2000 წელს ფერნანდრო რედონდომ - „რეალს“, ხოლო 2010 წელს ხავიერ ძანეტიმ - „ინტერს“. 1993 წლის შემდეგ სულ ორმა მეკარე-კაპიტანმა მოიგო ტიტული - პეტერ შმეიხელმა და იკერ კასილიასმა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის 64 სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ისღა დაგვრჩენია, ამ საფეხბურთო დღესასწაულის 65-ე გათამაშებას დაველოდოთ...


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები