Aa
Aa

NBA-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს! "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტის" ზეობის ხანას წერტილი დაუსვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა. გამთენიისას კავაი ლეონარდის „ტორონტომ“ „გოლდენ სტეიტს“ „ორაქლ არენაზე“ 114-110 სძლია და ჩემპიონობა ისტორიაში პირველად დაისაკუთრა.

შეხვედრის დიდი ნაწილი ქულა ქულაში წარიმართა. პირველ ტაიმში უკეთ კანადელები გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე თორმეტწუთეულში „გოლდენ სტეიტმა“ ინიციატივა ხელთ იგდო და წინ გაიჭრა, თუმცა მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, კლეი ტომპსონმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილი „უორიორზი“ არ დანებებულა და ბოლო წამებზე შეხვედრის გადარჩენის შანსიც მიეცა. მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე „ტორონტო“ ერთი ქულით იგებდა, თუმცა „რეპტორზის“ მსროლელმა მცველმა, დენი გრინმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. სტივ კერმა ტაიმაუტი აიღო და მშვენიერი კომბინაცია დახაზა. „მეომრებმა“ სასროლზე სტეფ კარი გაიყვანეს, მაგრამ „ოქროს ბიჭუნას“ სამიანმა მიზანს არ უწია.

"რეპტორზის" ტრიუმფი გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. კანადელთა რიგებში 20 ქულიანი ნიშნული ოთხმა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო კაილ ლოურისა და პასკალ სიაკამის დუეტი იყო. მათ თავი 26-26 ქულით გამოიჩინეს. კავაი ლეონარდმა და ფრედ ვენვლიტმა კი გუნდს 22-22 ქულა შესძინეს.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომელმაც 31 წუთში აქტივში 30 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა. ანდრე იგუდალამ შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. სტეფ კარი 21 ქულას დასჯერდა. დრეიმონდ გრინმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 19 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა.

ფინალური სერიის MVP კავაი ლეონარდი გახდა. კანადელთა სუპერვარსკლავი „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო და საშუალოდ 28.5 ქულას, 9.8 მოხსნას და 4.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კავაი NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელმაც ფინალების MVP სხვადასხვა გუნდის მაისურით დაისაკუთრა. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსსა და კარიმ აბდულ ჯაბარს ჰქონდათ გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები