გვილიას ტრანსფერი შედგა! - ქართველი ქართული დროშით მიიღეს
Aa
Aa

გვილიას ტრანსფერი შედგა! - ქართველი ქართული დროშით მიიღეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ ვარშავის ''ლეგიაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გვილია პოლონურ კლუბში შვეიცარიული ''ლუცერნიდან'' გადავიდა. შეთანხმება ორწლიანია. უცნობია რა თანხა გადაიხადა ''ლეგიამ'' ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში.

''ლეგიას'' ოფიციალური ვებგვერდი ასე გამოეხმაურა გვილიას ტრანსფერს, კადრში საქართველოს დროშა ფრიალებს.

ვაკო გვილია ''ლეგიას'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:''გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დამჭირდა. ძალიან ბედნიერი ვარ, მოუთმენლად ველი როდის გავალ მინდორზე და ''ლეგიასთვის'' ვითამაშებ. მსურს გუნდმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს და თასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზოს, რისთვისაც მთელი გუნდი უნდა დავიხარჯოთ.''

ვაკო გვილიასთვის 2018-19 წლების სეზონის პირველი ნახევარი შვეიცარიულ ''ლუცერნში'' წარუმატებელი გამოვიდა, რის გამოც იჯარის წესით პოლონეთის ჩემპიონატის კლუბ ზაბრზეს ''გურნიკში'' გადავიდა,  25 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გვილიას უთამაშია შემდეგ კლუბებში: ზაპოროჟიეს ''მეტალურგი,'' ''მინსკი,'' ბორისოვის ''ბატე,'' ''ლუცერნი'' და ზაბჟეს ''გურნიკი.''

ქართველი ფეხბურთელებიდან ''ლეგიაში'' ასევე უთამაშიათ ლადო დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს.

2018-19 წლების სეზონში ''ლეგია'' პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

ფოტო/ვიდეო: legia.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები