გოლი ''პარკენზე,'' ჩუმი დოლბერგი და სხირტლაძის საოცარი გოლები
Aa
Aa

გოლი ''პარკენზე,'' ჩუმი დოლბერგი და სხირტლაძის საოცარი გოლები

სტადიონზე, სადაც 2018 წლის მაისში დანიის თასის ფინალში დავით სხირტლაძემ გოლი 'ბრონდბიუს'' გაუტანა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველო დანიას შეხვდება. აქ ქართველებს საკლუბო დონეზე არაერთხელ უთამაშიათ, გოლებიც გაუტანიათ, ეროვნულმა ნაკრებმა კი ერთადერთხელ გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით იასპარეზა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორტენ ოლსენის გუნდმა კავკასიელები 6:1 გაანადგურა.

დავით სხირტლაძემ დანიის ჩემპიონატში 7 სეზონი ითამაშა, ''ორჰუსში'' ''ფიორენტინას'' ლეგენდარულ ფეხბურთელ მარტინ იორგენსენთან, ''აიაქსის'' ყოფილ მცველ პეტრი პასანენთან და ცნობილ თავდამსხმელ სორენ ლარსენთან ერთად თამაშობდა, თუმცა იქ იყვნენ ქართველებიც: დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე, ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე.

''ორჰუსიდან'' წამოსვლის შემდეგ დავით სხირტლაძე ''სილკებორგის'' ერთ-ერთი ლიდერი იყო, სუპერლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი შეხვედრა იყო ''ჰორსენსთან,'' როცა ქართველმა ფორვარდმა ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

 

სხირტლაძე ამჟამად ლატვიურ ''რიგაში'' ასპარეზობს და დანიაში გატარებულ წლებს სიამოვნებით იხსნებს.

''პარკენი''

''პარკენი'' საოცარი სტადიონია, ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა და ქომაგები საუცხოო გარემოს ქმნიან. როცა თასის ფინალში ''პარკენზე'' ''ბრონდბიუს'' გავუტანე, მახსოვს ჩემი გუნდის ქომაგების წინაშე ვიდექი, გოლს მხოლოდ ისინი აღნიშნავდნენ, ქომაგთა დიდი ნაწილი კი ჩუმად იყო, ვინც მხარს ''ბრონდბიუს'' უჭერდა. ''პარკენზე'' გოლის გატანა საუცხოო გრძნობაა.''

 

დანიური სკოლა

''დანიაში ძალიან ძლიერი საფეხბურთო სკოლებია. იქიდან გამომდინარე, რომ დამწყები დანიელი მწვრთნელები განათლებას ინგლისურ საფეხბურთო სკოლებში იღებენ და შესაბამისად დანიის სუპერლიგა ყველაზე ახლოს ბრიტანული ფეხბურთის სტილთანაა. დანიის საფეხბურთო სკოლებში დამწყები ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას 10 წლის ასაკიდან დიდი ყურადღება ეთმობა.''

დანიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა

''სუპერლიგაში დანიელი ფეხბურთელის ერთი კარგი თამაში ქართველის ხუთი მაღალი დონის  ასპარეზობას უდრის. დანიური კლუბები თავიანთი სკოლის აღზრდილის ერთ გამორჩეულ გამოსვლას ძალიან დიდ პიარს უკეთებენ.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რაც საბა ლობჟანიძემ ''რანდერსში'' და ლაშა პარუნაშვილმა ''ესბიერგში'' მოახერხეს, ძალიან რთული შესასრულებელია, თუმცა როგორც ვხედავ მათ წარმატებული გამოსვლა მხოლოდ თავიანთ კლუბებში უფასდებათ და არა მთელი დანიის მასშტაბით.

პირადული სიმაყეა, როცა შენი გაზრდილი ფეხბურთელი ჰოლანდიაში ან გერმანიაში მიდის და არა უცხოელი მოთამაშე, რომელიც შენი ქვეყნის ჩემპიონატს ტრამპლინად იყენებს. დანიური კლუბებისთვის მათი გაზრდილი ფეხბურთელის ძლიერ ლიგაში გაყიდვა უფრო საამაყოა, ისინი ასე ფიქრობენ, უპირატესობას ადგილობრივს ანიჭებენ. აქედან გამომდინარე უცხოელ მოთამაშეს უფრო ძლიერ ლიგაში მოსახვედრად გაცილებით მეტის დამტკიცება უწევს. მეორე მხრივ სუპერლიგა ძლიერი ჩემპიონატია და იქ მოხვედრაც საკმაოდ რთულია.''

დანიის სუპერლიგა, როგორც ტრამპლინი

''ქართველისთვის დანიურ კლუბში მოსახვედრად და შემდეგ შესაძლებლობების დასამტკიცებლად დიდი დროა საჭირო. შემდეგ შესაძლოა უფრო ძლიერმა გუნდებმა ასაკის გამო შენს შეძენაზე უარი თქვან. აქედან გამომდინარე დანიურ კლუბში აღზრდილ ფეხბურთელს ყოველთვის აქვს უპირატესობა.''

ჩუმი დოლბერგი

''2018 წელს ''სილკებორგში'' ვთამაშობდი,  ამ კლუბის აღზრდილია  კასპერ დოლბერგი, რომელიც 2018 წლის მუნდიალისთვის გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად ემზადებოდა. დოლბერგი  ძალიან ჩუმი იყო, ვარჯიშებზე ხმას არ იღებდა.''

რობერტ სკოვი, კრისტიან სორენსენი, იეპე ილუმი და კასპერ დოლბერგი. მათგან ორი, სკოვი და დოლბერგი დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან და საქართველოსთან მატჩისთვის ემზადებიან.სკოვი და დოლბერგი 2014 წელს ''სილკებორგში'' თამაშობდნენ. 

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები