„ელ ფრაფელი“ - გუნდი, რომელმაც ვარჯიშის გარეშე აღზევება მოახერხა
Aa
Aa

„ელ ფრაფელი“ - გუნდი, რომელმაც ვარჯიშის გარეშე აღზევება მოახერხა

“ელ ფრაფელ“ კანარის კუნძულებზე დაარსებული გუნდია, რომლის შესახებაც საფეხბურთო სამყაროს ბევრი არაფერი მოეხსენება. პროფესიონალურ ფეხბურთში კლუბის დებიუტი შარშან შედგა და პირველივე სეზონში აღზევება მოახერხა.

„ელ ფრაფელს“ „ლას პალმასის“ ყოფილი მოთამაშე ფელიქს მარერო, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები უდგანან სათავეში. გუნდი მთლიანად ფელიქსის ნათესავებითაა დაკომპლექტებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობდნენ, თუმცა შარშან პროფესიონალურ დონეზე თამაშის სურვილი გამოთქვეს და სეგუნდა რეგიონალურ ლიგაში სცადეს ბედი.

ფელიქსის კოლექტივი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ისინი ფეხბურთში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და გუნდურ ვარჯიშებზე უარს აცხადებენ:“ ჩვენ, როგორც გუნდი ფაქტობრივად არ ვვარჯიშობთ. კლუბის თითოეული ფეხბურთელი ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალურად ცდილობს“ - აცხადებს მარერო.

ფელიქსის ბიჭები ფიზიკურ მომზადებას არ გადიან. ტაქტიკურ მხარეზე და სათამაშო სქემაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. “მთავარია მოედანზე გასვლის შემდეგ ერთმანეთს გავუგოთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ოპონენტი ვინაა. მთავარი მიზანი მეტოქე გუნდის ტაქტიკასთან ადაპტაციის გავლაა და თუ საჭირო გახდა 1-1-9-საც მივმართავთ“ - დასძენს მარერო.

2018-19 წლების სეზონში „ელ ფრაფელმა“ პირველი სეგუნდა დივიზიონის საგზური მოიპოვა, თუმცა ფეხბურთელები სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებენ. გაისად მათი მიზანი სიამოვნების მიღება იქნება და ვარჯიშზე, ტაქტიკაზე და სათამაშო სქემაზე აქცენტს არ გააკეთებენ.

ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან საუბრისას კლუბის გოლკიპერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ფეხბურთისთვის დამახასიათებელ ვარჯიშებს არ იყენებენ და რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს მათ უპირატესობას აძლევთ.

„მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ყველაფერს არასწორად იგებენ. მათ ჰგონიათ, რომ რადგან არ ვვარჯიშობთ მოედანზე მხოლოდ გასართობად გავდივართ. არადა მატჩის მიმდინარეობისას თითოეული ჩვენგანი ბოლომდე იხარჯება და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს აკეთებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები