გრიზმანი და სუარესი საკმარისი არ არის -
Aa
Aa

გრიზმანი და სუარესი საკმარისი არ არის - "ბარსელონა" ცენტრფორვარდის გაფორმებას გეგმავს

„ლივერპულთან“ განცდილი კრახის შემდეგ კატალონიის „ბარსელონას“ მესვეურებმა სერიოზული რეფორმების გატარება გადაწყვიტეს. „ბლაუგრანა“ მომდევნო სეზონისთვის ემზადება და შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს.

„კამპ ნოუს“ ბინადრებს ანტუან გრიზმანისა და მატიის დე ლიხტის ტრანსფერის გაჩარხვა სურთ და ცენტრფორვარდის შეძენასაც აქტიურად განიხილავენ. საუბარი სათადარიგო სკამისთვის განწირულ თავდამსხმელზეა, რომელიც ლუის სუარესს შეცვლის ხოლმე.

ეს იდეა გრიზმანის გადაბირებას არ გამორიცხავს. „ბარსას“ მესვეურების მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი ფეხბურთელია, თუმცა მასთან ერთად კიდევ ერთი შემტევის შეძენას შეეცდებიან. ანტუანს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს გრიზმანი-სუარესის დუეტი საკმარისი არ გახლავთ. Mundo Deportivo-ს ცნობით ერნესტო ვალვერდეს სურს გუნდის შეტევა უფრო მრავალფეროვანი იყოს და ხშირი როტაციის საშუალება ჰქონდეს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელები მარტივ ლოგიკას მიჰყვებიან. მათი აზრით გრიზმანისა და დე ლიხტის ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ გუნდს გარკვეული ფინანსური რესურსი დარჩება, რომელსაც ცენტრფორვარდის შესაძენად გამოიყენებს. ამ უკანასკნელის მოვალეობა ლუის სუარესთან კოლაბორაცია იქნება. ურუგვაელი 32 წლისაა და კოპა ამერიკის დაწყებამდე იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა, რამაც შესაძლოა მომდევნო სეზონში მის თამაშზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

სუარესის არყოფნაში მესის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე უწევს თამაში და დიდი ალბათობით „ვალენსიასთან“ ესპანეთის თასისთვის გასამართ ჯახშიც იგივე მოხდება.

„ბლაუგრანას“ მესვეურები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ისინი ლუკა იოვიჩის გადაბირებით იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ეს უკანასკნელი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. Mundo Deportivo „ბარსელონას“ ერთ-ერთ სამიზნედ ალექსანდრ ლაკაზეტს ასახელებს და აქცენტს „ვალენსიას“ თავდამსხმელ როდრიგოზეც აკეთებს.

კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს. ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეიოფში თავი ისეთმა ცენტრფორვარდებმა გამოიჩინეს, როგორებიც დივოკ ორიჯი და ფერნანდო ლორენტე არიან. აქედან გამომდინარე „ბლაუგრანას“ მესვეურები ისეთი თავდამსხმელის გაფორმებაზე დაფიქრდნენ, რომელსაც „ბარსელონას“ სათამაშო სტილთან ადაპტაცია არ გაუჭირდება და სათადარიგო სკამზე დარჩენის გამო უკმაყოფილებას არ გამოხატავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები