ლეგენდარული ნიკი ლაუდა გარდაიცვალა
ფორმულა ერთის ლეგენდარული პილოტი, ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიელი მრბოლელის ოჯახმა გაავრცელა.
ლაუდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად მიიჩნევა. ნიკის კარიერის განმავლობაში 25 რბოლა აქვს მოგებული და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ფორმულა ერთში მისი დებიუტი 1971 წელს შედგა. პირველი ქულები კი 1973-ში აიღო. 1974 წელს ლაუდა „ფერარის“ რიგებში გადავიდა და მომდევნო სეზონში საუკეთესოს სტატუსი დაისაკუთრა.
1976-ში მომხდარმა ავარიამ ლაუდას ცხოვრება შეცვალა. ნიკი რამდენიმე წამის განმავლობაში ცეცხლმოკიდებულ ბოლიდში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მან მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ინციდენტიდან 6 კვირის შემდეგ ფორმულა ერთს დაუბრუნდა.
ავსტრიელმა მრბოლელმა 1977 წელს მეორე ჩემპიონობა მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი დიდი სპორტიდან წავიდა, თუმცა „მაკლარენის“ წარმომადგენლების სარფიან შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა და ბრიტანული საჯინიბოს ბოლიდი ჩაიბარა. ნიკიმ საკუთარი სიძლიერე „მაკლარენშიც“ დაადასტურა და 1984 წელს ფორმულა ერთის ტრიუმფატორი კიდევ ერთხელ გახდა.
ლაუდას ოჯახის ცნობით ნიკი ძილში გარდაიცვალა...
მშვიდად განისვენე ნიკი!