Aa
Aa

"ტორონტომ" შანსი ვერ გამოიყენა - "მილუოკი" დაწინაურდა

იანის ანტეტოკოუნმპოს “მილუოკი ბაქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. „ხარირმებმა“ საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლეს და ჩაგდებული პირველი მეოთხედის მიუხედავად 108-ით 100 იმარჯვეს.

მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი ბრუკ ლოპესმა შეიტანა. 31 წლის ცენტრმა პლეიოფში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 29 ქულასთან ერთად 11 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა აქტივში. ლოპესის 29 ქულას იანისმა 24 ქულა დაუმატა. სათადარიგო სკამიდან შესულმა მალკოლმ ბროგდონმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

„ტორონტოს“ რიგებში 31 ქულით საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, თუმცა კანადელთა მსუბუქ ფორვარდს სროლა არ წაუვიდა და 26 ბურთიდან კალათში მხოლოდ 10 მოათავსა. კავაის გარდა 30 ქულითა და 8 მოხსნით კაილ ლოური გამოირჩა. პასკალ სიაკამმა კი 15 ქულა მიითვალა.

პირველ შეხვედრაში მოპოვებულ გამარჯვებას მასპინძელი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „მილუოკი“ მეორე მატჩს ნაკლები წნეხით ჩაატარებს და საშინაო კედლების უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. „ბაქსისა“ და „რეპტორსისის“ სერიის რიგით მეორე დაპირისპირება სტარტს 18 მაისს, თბილისის დროით 04:30-ზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები