ევროპა ლიგის ფინალს ჯანლუკა როკი იმსაჯებს
Aa
Aa

ევროპა ლიგის ფინალს ჯანლუკა როკი იმსაჯებს

ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის 2019 წლის ფინალურ შეხვედრას იტალიელი ჯანლუკა როკი განსჯის. ლაინსმენების ფუნქციას ლორენცო მანიანელი და ფილიპო მელი შეასრულებენ, მეოთხე სათადარიგო არბიტრი კი დანიელე ორსატო იქნება.

რაც შეეხება ვიდეო ასისტენტ რეფერის, რომელსაც ევროპა ლიგაზე ისტორიაში პირველად გამოიყენებენ, მას მასიმილიანო ირატი უხელმძღვანელებს, ირატის დამხმარეებად კი მარკო გუიდა და შიმონ მარცინიაკი იმუშავებენ.

ჯანლუკა როკიმ საერთაშორისო კატეგორიის წოდება 2008 წელს მიიღო, ევროპა ლიგის ფინალს კი კარიერაში პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ 2010 და 2017 წლის ევროპა ლიგის ფინალებში როკიმ მეოთხე სათადარიგო არბიტრის ფუნქცია შეასრულა, იმავე 2017 წელს კი, "მანჩესტერსა" და "რეალს" შორის გამართული უეფას სუპერ თასის შეხვედრა განსაჯა.

45 წლის როკი ბოლო წლების იტალიელ მსაჯებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და გასულ ზაფხულს რუსეთში გამართულ მუნდიალზე 3 მატჩს გაუძღვა.

"ჩელსი" და "არსენალი" 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებენ. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები