Aa
Aa

2000 წლის შემდეგ პირველად "პორტლენდი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში ითამაშებს

დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ საუკეთესოს ვინაობას „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გაარკვევს. დემიენ ლილარდმა და კომპანიამ ურთულეს დავალებას გაართვეს თავი და „დენვერ ნაგეთსი“ მეშვიდე შეხვედრაში მისსავე პარკეტზე დაამარცხეს.

ტერი სტოტსის ბიჭებმა მატჩის პირველი ნახევარი საშინლად ჩაატარეს და მეტოქეს სოლიდური სხვაობით ჩამორჩებოდნენ. სიტუაცია მესამე თორმეტწუთეულში შეიცვალა, როცა ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე სი ჯეი მაკკოლუმმა აიღო. 27 წლის მსროლელმა მცველმა პლეიოფში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 37 ქულა შესძინა.

მაკკოლუმის გარდა ევან ტერნერის გამოსვლაც აღსანიშნავია. ამ უკანასკნელს „დენვერთან“ გამართულ პირველ 6 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა გაკეთებული. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა, რომლიდანაც 10 გადამწყვეტ მეოთხედში მიითვალა.

კოლორადოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერციის ფინალში 2000 წლის შემდეგ პირველად გავიდა. „გოლდენ სტეიტისა“ და „ბლეიზერსის“ ჯახი სტარტს 15 მაისს აიღებს. „უორიორზი“ საკუთარი კედლების უპირატესობას ფლობს და წყვილის აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. თანაც დიდი ალბათობით ოკლენდელებს კევინ დურანტთან ერთად დემარკუს კაზინსიც დაუბრუნდებათ და „პორტლენდს“ მათი შეჩერება ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები