შესანიშნავი ატმოსფერო და სენსაციური შედეგი:აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
Aa
Aa

შესანიშნავი ატმოსფერო და სენსაციური შედეგი:აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ''რუსთავმა'' რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩემპიონატის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' 3:1 დაამარცხა. სტადიონზე საკმაოდ კარგი საფეხბურთო ატმოსფერო იყო შექმნილი, რაც ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს.

რუსთაველთა 20 წლის კაპიტანი ლუკა სილაგაძე ქომაგებთან ერთად

ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 58-ე წუთზე ''საბურთალოს'' ყოფილმა შემტევმა ლუკა იმნაძემ ანგარიში გახსნა და ''რუსთავი'' დაწინაურდა.

74-ე წუთზე ფარხად გისტაროვმა შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მესამე დამატებულ წუთზე ლადო დვალიშვილის საგოლე პასი დაჩი ცნობილაძის გოლით დასრულდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში მე-6 დამატებულ წუთზე ლუკა ზვიადაძემ დააფიქსირა, რომელმაც ფარხად გისტაროვის საგოლე პასი გამოიყენა.

 

მატჩის შემდეგ რუსთაველთა პირველი გოლის ავტორმა ლუკა იმნაძემ, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''რუსთავისთვის'' სადებიუტო გოლი გაიტანა, მედიასთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ორთვიანი ტრავმის შემდეგ ''საბურთალოს'' საფრანგეთის მოქალაქე და წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი ვაგნერ გონსალვეში დაუბრუნდა. 22 წლის შემტევი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო.

 

თბილისის ''ლოკომოტივი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ქუთაისის ''ტორპედოსთან'' 1:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში ქუთაისურმა გუნდმა 2 გოლი შეაგდო, ნოდარ ქავთარაძემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ბუდუ ზივზივაძემ პანენკას სტილში პენალტი შეაგდო.

26 წლის ქავთარაძემ ბოლო ორ ტურში 3 გოლი შეაგდო, ''ტორპედოსთან'' შეხვედრამდე ბათუმის ''დინამოსთან'' დუბლი შეასრულა.

 

25 წლის ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისური გუნდის ფორვარდმა 12 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

 

62-ე წუთზე ''ტორპედოს'' ბრაზილიელმა შემტევმა რიჩარდ ლუკამ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. 21 წლის სამხრეთამერიკელმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 მატჩში მესამე გოლი გაიტანა.

 

''ლოკომოტივის'' მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი გამოცდილი თემურ შონიას ანგარიშზეა. საგოლე გადაცემა დავით სამურკასოვმა შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საწყის 12 ტურში აუტსაიდერები თბილისის ''ლოკომოტივი'' და ''რუსთავი'' არიან. მათ ანგარიშზე 9-9 ქულაა.

ფოტო/ვიდეო: ''რუსთავის'' პრესსამსახური, ''ტორპედოს'' პრესსამსახური, თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური, ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები