ზიდანის ახალი სამიზნე -
Aa
Aa

ზიდანის ახალი სამიზნე - "რეალი" სანჩოს შეძენას შეეცდება

„დორტმუნდის“ 19 წლის ინგლისელ შემტევზე ჯეიდონ სანჩოზე დიდი მოთხოვნაა. ლუსიენ ფავრის გუნდს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

სანჩოს მიმართ ინტერესს ერთბაშად რამდენიმე გრანდი იჩენს და მათ რიცხვს დღეიდან მადრიდის „რეალიც“ შეემატა.

Bild-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა თავის სატრანსფერო სიაში სანჩოც შეიყვანა. როგორც მოგეხსენებათ, ზიზუს ედენ აზარის გარდა კიდევ ერთი გარემარბის დამატება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით გუნდს გარეთ ბეილი დატოვებს.

ტრანსფერმარკეტზე სანჩო 80 მილიონად არის შეფასებული, თუმცა წყაროს თანახმად ინგლისელის სანაცვლოდ „დორტმუნდი“ 180 მილიონს მოითხოვს.

ცოტა რთული წარმოსაგდენია, რომ 19 წლის სანჩოს სანაცვლოდ ვინმემ ამდენი გადაიხადოს, თუმცა მის მსურველ კლუბს ხსენებულ რიცხვთან მიახლოებული თანხის გადახდა ნამდვილად მოუწევს.

რაც შეეხება მადრიდელთა გეგმებს, ცნობილია რომ ზიდანის რჩეულთა სიაში აზარი, პოგბა, ერიკსენი, იოვიჩი და უკვე სანჩოც შედიან. სავარაუდოდ ხსენებულ სიას კიდევ ბევრი ცნობილი გვარი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო „უოტფორდის“ სკოლის აღზრდილია, სადაც ის 2007-2015 წლებში ასპარეზობდა. შემდეგ 2 წლით „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდში იმყოფებოდა, საიდანაც 2017 წელს „დორტმუნდის“ მეორე გუნდს შეუერთდა და სულ რაღაც სამი მატჩის შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს.

სანჩოს ანგარიშზე 51 შეხვედრაში 13 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები