Aa
Aa

NBA-ის პლეიოფის მატჩების მიმოხილვა

დეტროიტი - მილუოკი 104 – 127

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ „მილუოკისთან“ მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველი ცენტრის გუნდს არც ბლეიკ გრიფინის დაბრუნებამ უშველა. მიჩიგანელთა სუპერვარსკლავმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, თუმცა მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გრიფინის გარდა 26 ქულით რეჯი ჯექსონი გამოირჩა. ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 15 ქულა, 12 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შესულმა ლუკ კენარდმა კი თავი 11 ქულას მოუყარა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველ ცენტრს პარკეტზე არცერთი წამი არ გაუტარებია.

„მილუოკის“ ტრადიციულად იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბერძენმა 41 ქულასთან ერთად 9 მოხსნა გაიფორმა. კრის მიდლტონმა 18 ქულა დააგროვა. ერიკ ბლედსოუ კი 16 ქულას დასჯერდა.

იუტა - ჰიუსტონი 107 – 91

დონოვან მიჩელის „იუტა ჯაზი“ „ჰიუსტონთან“ ბრძოლას განაგრძობს. გამთენიისას „ჯაზმენებმა“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს და „როქეთსს“ საშინაო არენაზე სძლიეს. მატჩის სამი მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედი გადამწყვეტ პერიოდში გაირკვა. „ჯაზმა“ ბოლო თორმეტწუთეული ბრწყინვალედ ჩაატარა და მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო.

„იუტას“ გამარჯვებაში ლომის წვლილი დონოვან მიჩელს მიუძღვის, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. ჯაე კრაუდერმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. რიკი რუბიო კი გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა - 18 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა.

„ჰიუსტონის“ მხრიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ. „წვერამ“ 30 ქულა გაიფორმა. კრის პოლი 23 ქულას დასჯერდა. ერიკ გორდონმა კი 16 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები