Aa
Aa

"ლივერპულის" წარმომადგენლები და სალაჰის აგენტი AS-ის ინფორმაციას გამოეხმაურნენ

გუშინ ესპანურმა AS-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით „ლივერპულის“ ეგვიპტელმა სუპერვარსკლავმა, მოჰამედ სალაჰმა, ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

სალაჰმა ეს გადაწყვეტილება იურგენ კლოპთან გამართული საკმაოდ მწვავე საუბრის შემდეგ მიიღო. AS-ის თანახმად ეგვიპტელის ფრაზებში მუქარის ტონი შეინიშნებოდა და 26 წლის შემტევი გუნდიდან გაშვებას კატეგორიულად ითხოვდა.

ესპანური გამოცემის ინფორმაციას „მერსისაიდელთა“ წარმომადგენლები და სალაჰის აგენტი გამოეხმაურნენ. „ლივერპულის“ მესვეურებმა AS-ის ცნობებს სასაცილო უწოდეს, რემი აბას ისამ კი ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

AS-ის ცნობების შესახებ ბრიტანულმა ტაბლოიდებმაც დაწერეს. მათი თქმით ეგვიპტელი ფეხბურთელი „ლივერპულში“ თავს მშვენივრად გრძნობს და იურგენ კლოპთან იდეალური ურთიერთობა აქვს. სალაჰმა 2017 წელს „მერსისადელებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დარწმუნებულია, რომ „ენფილდზე“ თავისი ოცნებების ასრულებას მოახერხებს.

26 წლის ფეხბურთელი „წითლების“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებისთვის იბრძვის. სალაჰს „ლივერპულის“ მაისურით 98 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეების კარის აღება 67-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები