ტაქტიკური ანალიზი:
Aa
Aa

ტაქტიკური ანალიზი: "რკინის კაცის" ევოლუცია - როგორ უქმნის კომფორტს მოედანზე რაკიტიჩი მესის

ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დათხოვნის დროს ბევრი სისულელე თქვა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი სულ სხვაგვარად იქცევა და მსჯელობს, როდესაც მას ტელევიზიაში სტუმრად ექსპერტის სტატუსით იწვევენ.

ასეთ დროს ჟოზე ნამდვილ მასტერ კლასს ატარებს. მსგავსი რამ ბოლოს beIN SPORTS-ის სტუდიაში ვიხილეთ, როდესაც „განსაკუთრებულმა“ ივან რაკიტიჩის შესახებ ისაუბრა.

„ივანი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ამის თქმა დიდი ხანია მსურდა. ის ბევრს დარბის, ბურთთან უმაღლეს დონეზე ურთიერთობს, თამაშობს მარტივად, მაგრამ ეფექტურად. შესაძლოა მას მხოლოდ სოციალურ ქსელებში ინსტაგრამზე და თვითერზე დარეგისტრირება სჭირდება. როგორც ვიცი, ის ამ ყველაფერში ფეხბურთის თამაშისგან განსხვავებით არც ისეთი კარგია“.

რაკიტიჩის ტაქტიკური ევოლუცია

ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში ტაქტიკური ევოლუცია საბოლოოდ დაასრულა. 2016-17 წლების სეზონში ხორვატი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 48.5 გადაცემას ასრულებდა, წელს კი მას უკვე 30-ით მეტი აქვს. ამ მხრივ ის „ბარსას“ შემადგენლობიდან საუკეთესოა.

მთელს ლა ლიგაში რაკიტიჩი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ტონი კროოსსა და „ბეტისელ“ აისა მანდის ჩამორჩება.

რაკიტიჩის პროგრესი სერხიო ბუსკეცის პრობლემებს დაემთხვა. ყველამ იცის თუ რაოდენ დიდია ბუსკეცის როლი შეტევების წამოწყებისა და პრესინგისგან თავის დაღწევის დროს. ვალვერდემ რაკიტიჩი გარდაქმნა და ამჟამად გუნდს პირველი პასის გასაკეთებლად კიდევ ერთი არჩევანი აქვს.

ამ სიახლემ „ბარსას“ მეტოქეების დაბნევა გამოიწვია. ადრე ყველამ იცოდა, რომ პრესინგი ბუსკეცზე უნდა ეთამაშათ, თუმცა ამჯერად იგივე როლი რაკიტიჩმაც მოირგო და რთული გამოსაცნობია რომელი წამოიწყებს გუნდისთვის მწვავე იერიშს.

რა თქმა უნდა რაკიტიჩს ბუსკეცის მსგავსი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ რამდენიმე კოზირი მასაც აქვს გადამალული.

ბუსკეცის საფირმო გადაცემა - როდესაც ის ერთ მეტოქეს უყურებს, თუმცა პასს სხვა მიმართულებით აკეთებს. რაკიტიჩმა წლევანდელ „ელ კლასიკოში“ ამ ამოცანას თავი საკმაოდ კარგად გაართვა.

 

ბუსკეცის მოსწავლის როლში ყოფნამ რაკიტიჩს განაპირა მცველთან დიდებული ურთიერთობა ჩამოუყალიბა. ამ მხრივ ივანმა განვითარება ჯერ კიდევ „სევილიაში“ თამაშის დროს დაიწყო.

უნაი ემერი მას ორ როლს არგებდა - 6 და 10 ნომრის მოვალეობები. პირველ შემთხვევაში ხორვატს ჩაბი ალონსოს სტილი უნდა მოერგო და მოედნის სიღრმიდან ფლანგზე გრძელი გადაცემით განაპირა მცველი უნდა მოემარაგებინა.

ათი ნომრის როლის მორგების დროს კი მას მეტოქის კარისკენ ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა ევალებოდა.

როგორ თამაშობს რაკიტიჩი

„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში რაკიტიჩი ბუსკეცის პოზიციიდან ხორდი ალბას დიდებულ გადაცემას უკეთებს

მსგავს გადაცემებს ხორვატი შუახაზელი მნიშვნელოვან შეხვედრებშიც ასრულებს და მისი როლი გუნდის თამაშის წარმართვაში უდიდესია.

მატჩი „სევილიასთან“ - ალბა კვლავ მაღლა არის აწეული და ხესუს ნავასს ავიწროებს. რაკიტიჩი კი პოზიციას შორიახლოს იკავებს და ელოდება...

ალბა მოძრაობას საჯარიმოსკენ იწყებს და ნავასს თან იტყუებს, ამ დროს ფლანგზე ადგილი თავისუფლდება, რომელსაც რაკიტიჩი იკავებს და მესის საგოლე გადაცემას უკეთებს.


 

მარტივ გადაცემებთან ერთად რაკიტიჩმა ბოლო დროს გრძელი პასების რაოდენობაც გაზარდა. იმის ფონზე თუ როგორ მოქმედებს ფლანგებზე ალბა და სერხი რობერტო, რაკიტიჩის ევოლუცია მოსალოდნელიც იყო, თუმცა მისი მონდომების, ძალისხმევისა და გარდაქმნის (გადაწყობის) გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

რაკიტიჩი გადაცემებს ასრულებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ივანს სადებიუტო სეზონში, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.4 გრძელი გადაცემა ჰქონდა, ახლა კი მისი მაჩვენებელი 4.8-მდეა გაზრდილი.

გუნდისთვის ფასდაუდებელ მოთამაშედ რაკიტიჩს მისი დაცვაში თამაში აქცევს. ხორვატს ორი დავალება აქვს - დაეხმაროს ბუსკეცს საყრდენ ზონაში და დააზღვიოს მარჯვენა ფლანგი, სადაც ლეო მესი საკმაოდ იშვიათად მოქმედებს. ივანი მარჯვენა მცველს ეხმარება და ამავდროულად მომენტებში მარჯვენა ნახევარმცველის როლსაც ირგებს.

ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში უდიდეს ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, თუმცა რაკიტიჩი ამ ყველაფერს თავს ართმევს.

„ის ყველა ასპექტში ფანტასტიური მოთამაშეა. ივანი მარჯვენა ფლანგზე დაცვით სამუშაოებს ასრულებს, ამავდროულად ეხმარება მესის, ბევრს დარბის. რაც შეეხება ბურთის ფლობას, ამ შემთხვევაში ის ფანტასტიურად მოქმედებს, მარტივად და ეფექტურად“. - ამბობს მოურინიო.

წლევანდელ სეზონში გამართული ბოლო ორი „კლასიკო“, რომელიც მადრიდში შედგა ჩვენს მსჯელობასა და რაკიტიჩის თამაშს იდეალურად ასახავს.

თავდაპირველად რაკიტიჩი მარცხენა ფლანგთან ახლოს მოქმედებდა, „ბარსა“ ხშირ შემთხვევაში მარჯვენიდან უტევდა და მარცხნივ მყოფ ვინისიუსს დიდ სივრცეს უტოვებდა.

ამის შემდეგ ივანი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა და თამაში უფრო სიღრმიდან დაიწყო. კატალონიელებმა მადრიდელთა ახალგაზრდა ლიდერი ამოკეტეს.

ოპონენტის დაკეტვამ რაკიტიჩს შეტევაში გზა გაუხსნა. ხორვატი დაცვასა და მესის შორის არსებული პოზიციის დაბალანსების გარდა იყენებს ზონებს, რომელიც მესის მეტ თავისუფლებას აძლევს.

ზემოხსენებული „კლასიკოებიდან“ მეორე ამ ყველაფერს კარგად გვიჩვენებს. მესის პერსონალურად კაზემირო ეთამაშებოდა.

რამდენიმე წამში რაკიტიჩი „რეალს“ გაუტანს. ამ მომენტში რამოსი ზემოთ არის ამოწეული და ივანს ეთამაშება, კაზემიროს მისი დაზღვევა შეუძლია, თუმცა ის მესის არ ტოვებს.

პასი რობერტოს, ივანი შერბის და რობერტო ბურთს უბრუნებს, რამოსი კი უკან რჩება - ყველაფერი გოლით სრულდება.


 

გოლიდან რამდენიმე წუთში რაკიტიჩი თავისუფალ სივრცეს კვლავ ნახულობს და მას იკავებს. მომენტი სუარესის დარტყმით სრულდება. ამ ეპიზოდშიც კაზემიროს სიტუაციის განმუხტვა შეეძლო, თუმცა ასე არ მოიქცა და მესის არ მოშორდა.


 

მსგავსი შეცდომა ზინედინ ზიდანმაც დაუშვა, როდესაც გასულ სეზონში კოვაჩიჩი მესის პერსონალურად დაუყენა და ყველას ახსოვს გოლი, რომელიც სუარესმა გაიტანა, თუმცა მომენტი რაკიტიჩმა შექმნა, რომელმაც მთელი მოედანი წინააღმდეგობის გარეშე გაირბინა, რადგან კოვაჩიჩმა მესის მეურვეობა არ მიატოვა.

მსგავსი შეცდომა დაუშვა წლევანდელ „კლასიკოში“ სანტიაგო სოლარიმაც.

იდეალური ფიზიკური მომზადება და სტატისტიკა, რომელიც გვაოცებს

ასეთი მოცულობის სამუშაოს შესრულება უდიდესი ფიზიკური მონაცემების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, რაკიტიჩმა კი ეს ყველაფერი შეძლო, რადგან მისი ფიზიკური შესაძლებლობები იდეალურთან ძალიან ახლოსაა. ვალვერდე ხორვატს ყველაზე ხშირად იყენებს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

მას შემდეგ რაც რაკიტიჩი „ბარსელონაში“ გადავიდა, მან ტრავმა მხოლოდ სამჯერ მიიღო და ამის გამო მხოლოდ 3 შეხვედრა გამოტოვა.

რაკიტიჩი სათამაშო დროის 89%-ს მოედანზე ატარებს. ეს უდაოდ შთამბეჭდავი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ის სისტემატურად თამაშობს ნაკრებში და ზაფხულში მან მთელი მუნდიალი ჩაატარა.

ტაქტიკურად ივანის ასეთი ძლიერი პერფორმანსი ნაწილობრივ შეიძლება მისი ფიზიკური სიძლიერით აიხსნას.

ესპანურმა მედიამ გასულ სეზონში ტესტი ჩაატარა და „ბარსელონას“ მოთამაშეებზე დასკვნები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი უმტიტი და პაულინიო იყო, ყველაზე სწრაფი ალბა და მესი (დემბელე იმ მომენტში ტრავმირებული იყო), ბუსკეცი ყველაზე ამტანი, რაკიტიჩი კი ყველაზე სწრაფად ახერხებს აღდგენას (ტრავმის, ფორმის).

„რკინის კაცი“, რომელიც თამასას დაბლა არასდროს სწევს

სტაბილურობა არის ის, რამაც რაკიტიჩი ერთ-ერთ ყველაზე ფასადაუდებელ მოთამაშედ აქცია.

რაკიტიჩი შეხვედრის პირველიდან ბოლო წუთამდე თავის დონეს ინარჩუნებს და მას დაბლა არასდროს წევს. ის ასეა სეზონის პირველიდან ბოლო მატჩის ჩათვლით“. - ერნესტო ვალვერდე.

ბოლო დროს არის საუბრები, რომ რაკიტიჩმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა, ის 31 წლის არის და დროა შეცვალონ. დიახ, მსგავსი შინაარსის მოსაზრებები მომრავლდა.

ხორვატი არის „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, „რკინის კაცი“, რომელიც არასდროს იღლება, არასდროს ჩერდება, არასდროს წუწუნებს რაიმეზე და ყოველთვის ინარჩუნებს იმ დონეს, რაც მას „კამპ ნოუზე“ მისვლის დღიდან აქვს.

ხორვატმა ნახევარმცველმა უდიდესი ევოლუცია განიცადა და თავისი თავი გარდაქმნა. ასეთი რამ კი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთეულებს თუ გამოსდით.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები