ხვიჩა კვარაცხელიას მამა: ''როცა ''რეალი'' ''ბარსას'' ხვდებოდა, სახლში კატასტროფა ხდებოდა''
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას მამა: ''როცა ''რეალი'' ''ბარსას'' ხვდებოდა, სახლში კატასტროფა ხდებოდა''

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამას რუსული გამოცემა sport-express-ი ესაუბრა. 54 წლის ბადრი კვარაცხელია, რომელსაც აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, შვილის ბავშვობის წლებსა და კარიერულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

ბავშვობა

საფეხბურთო კარიერა აზერბაიჯანში დავასრულე. ხვიჩა 8 წლის იყო, როცა ''ოლიმპიკის'' აკადემიაში მივიყვანე, შემდეგ ''ავაზას'' საფეხბურთო სკოლაში გადავიდა, 11 წლიდან თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში ირიცხებოდა.

როდესაც ხვიჩას თავისუფალი დრო ჰქონდა, ბურთით ხელში სათამაშოდ მიდიოდა. მას უყვარს სწავლა, თუმცა მისთვის პრიორიტეტული ყოველთვის ფეხბურთის თამაში იყო.

ამჟამად ხვიჩა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა სხვადასხვა ამპლუაში თამაშის გამოცდილება აქვს. მაგალითად თბილისის ''დინამოსა'' და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშეს, მაგრამ ზოგადად მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ სად მოუწევს თამაში: შეტევაში, ნახევარდაცვასა თუ ფლანგებზე. ხვიჩა მრავალმხრივი ფეხბურთელია.

''ელ კლასიკო''

''როცა ''ბარსელონა'' მადრიდის ''რეალს'' ხვდებოდა, ჩვენს სახლში კატასტროფა ხდებოდა. მე ''ბარსელონას'' ვქომაგობდი, ხვიჩა კი მადრიდის ''რეალს'' და პერსონალურად კრიშტიანუ რონალდუს.

თბილისის ''დინამო''

ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის სურვილია თბილისის ''დინამოში'' თამაში, თუმცა იქ ხვიჩა არ ათამაშეს, რაც აღმოჩნდა კლუბიდან წასვლის მიზეზი. ხვიჩა 15 წლის იყო, როცა ''დინამოსთან'' ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი სეზონის შემდეგ კი ''დინამომ'' სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, მაგრამ ჩვენი პასუხი უარყოფითი იყო, რის გამოც ხვიჩას თამაშის შანსს აღარ აძლევდნენ. შემდეგ ხვიჩამ კარიერა ''რუსთავში'' გააგრძელა.

''დორტმუნდის'' და ''ბაიერის'' დაინტერესება

ხვიჩას გადაბირებით ''დორტმუნდი'' და ლევერკუზენის ''ბაიერი'' დაინტერესდნენ, თუმცა ჩემმა მეგობარმა მამუკა ჯუღელმა დამარწმუნა, რომ მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გადასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა. მამუკას ვენდობი, ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ.

ადაპტაცია მოსკოვის ''ლოკომოტივში''

მას შემდეგ რაც ხვიჩამ ''ლოკომოტივთან'' კონტრაქტი გააფორმა, მოსკოვიში არ ჩავსულვარ, თუმცა ხვიჩასთან კომუნიკაცია მუმდივად მაქვს. მას კლუბმა საცხოვრებელი სახლი უქირავა, თუმცა დროის დიდ ნაწილს კვლავ კლუბის ბაზაზე ატარებს, სადაც ვარჯიშისთვის და დასვენებისთვის შესანიშნავი გარემოა.

ხვიჩამ რუსული კარგად არ იცის, ახალ გარემოსთან ადაპტაციაში სოლომონ კვერკველია ეხმარება და ზოგჯერ თარჯიმნის როლს ასრულებს. სოლომონი ხვიჩას გვერდით უდგას, როგორც უმცროსს ძმას.

''გაბალას'' სამწვრთნელო შტაბში მუშაობისას სიომინი გავიცანი. ის გამოცდილი სპეციალისტია და მისგან ხვიჩა ბევრს ისწავლის. რუსულ კლუბთან მოლაპარაკება 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უარზე არ გვიფიქრია, რადგან ''ლოკომოტივი'' უძლიერესი რუსული კლუბია.

ფოტო: fclm.ru, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები