NBA - ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება!
Aa
Aa

NBA - ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება!

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა! გამთენიისას რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და პლეიოფის მონაწილეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

დასავლეთ კონფერენციაში გუნდები ასე გადანაწილდნენ.

გოლდენ სტეიტი (1) - კლიპერსი (8)

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ ტიტულის დაცვას „კლიპერსთან“ დაიწყებს. „მეომრებს“ წესითა და რიგით ლოს-ანჯელესელების ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეთ. სტივ კერის გუნდში მოსვლის შემდეგ „უორიორსს“ „კლიპერსი“ 20 შეხვედრიდან 17-ში ჰყავს დამარცხებული.

ჰიუსტონი (4) - იუტა (5)

ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონს“ პირველ რაუნდში ალბათ ყველაზე არასასურველი მეტოქე ერგო. „იუტა ჯაზი“ მიმდინარე სეზონში დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ოპონენტებს საშუალოდ 106 ქულას აგდებინებს, რაც NBA-ში მეოთხე მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წყვილის გამარჯვებული „გოლდენ სტეიტს“ ხვდება და შესაძლოა დასავლეთ კონფერენციის შარშანდელი ფინალი მეორე რაუნდში ვიხილოთ.

პორტლენდი (3) - ოკლაჰომა (6)

დემიენ ლილარდის „პორტლენდს“ მიმდინარე სეზონში საჩემპიონო ამბიციები ჰქონდა, თუმცა იუსუფ ნურკიჩის ტრავმამ „ტრეილ ბლეიზერსის“ შანსები ერთიორად შეამცირა. თანაც ტერი სტოტსის გუნდი პირველ რაუნდში თავისთვის უხერხულ მეტოქეს დაუპირისპირდება. „ოკლაჰომამ“ წლეულს „პორტლენდი“ 4-დან ოთხივე შეხვედრაში დაამარცხა.

დენვერი (2) - სან ანტონიო (7)

„დენვერი“ მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. „ნაგეთსმა“ რეგულარული მეორე ადგილზე დაასრულა და გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ შეერკინება. ამ დაპირისპირებაში საშინაო კედლების ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კოლორადოელებმა საკუთარ მოედანზე მხოლოდ 7 შეხვედრა დათმეს, ტექსასელებმა კი 9. საგულისხმოა, რომ ურთიერთშეხვედრებში მასპინძლის სტატუსით მოასპარეზე გუნდმა ყველა მატჩი მოიგო.

აღმოსავლეთ კონფერენცია

მილუოკი (1) - დეტროიტი (8)

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტს“ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. „პისტონსი“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „მილუოკის“ შეერკინება და დიდი ალბათობით სასურველი შედეგის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება. „ხარირმები“ მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ და NBA-ში ყველაზე მეტი მოგება ტყუილად ნამდვილად არ აქვთ. თანაც „დეტროიტი“ 4-დან ოთხივე ურთიერთშეხვედრაში დაამარცხეს.

ბოსტონი (4) - ინდიანა (5)

აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაზე საინტერესო ჯახი „ბოსტონსა“ და „ინდიანას“ შორის შედგება. „კელტებს“ სეზონის სტარტზე ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებდნენ, თუმცა ბრედ სტივენსის ბიჭებმა რეგულარული ჩააგდეს და ფავორიტის სტატუსის გამართლებას პლეიოფში შეეცდებიან. „ინდიანას“ ვიქტორ ოლადიპო ვერ დაეხმარება, მაგრამ „პეისერსმა“ დაამტკიცა, რომ წარმატების მიღწევა თავისი ლიდერის გარეშეც შეუძლია.

ფილადელფია (3) - ბრუკლინი (7)

„ფილადელფიასა“ და „ბრუკლინის“ ჯახი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, თუმცა „სევენთი სიქსერსი“ წყვილის აშკარა ფავორიტად მოიაზრება. ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული და სავარაუდოდ მატჩები საკმაოდ მაღალშედეგიანი იქნება.

ტორონტო (2) - ორლანდო (7)

„ტორონტო“ ტრადიციულად პლეიოფში საშინლად ასპარეზობს, თუმცა კანადელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ წლეულს ყველაფერი შეიცვლება და კავაი ლეონარდის ეიმედება. „რეპტორსი“ ჩემპიონობის აშკარა ფავორიტია, მაგრამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ორლანდოს“ დაუპირისპირდება, რომელსაც უკანასკნელი 13 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები