არველაძე ხავის წინააღმდეგ: ''ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თამაში''
Aa
Aa

არველაძე ხავის წინააღმდეგ: ''ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თამაში''

აზიის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის ''ფახთაქორი'' უმასპინძლებს ''ალ სადს,'' რომლის შემადგენლობაში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ხავი ასპარეზობს.

39 წლის ხავიმ, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ''ფახთაქორის'' არენაზე მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. ასე რომ მას არველაძის გუნდის წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.

ყატარულ კლუბში ხავის თანაგუნდელია ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი გაბი, რომელსაც მადრიდის ''ატლეტიკოში'' ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. ხავი ''ალ სადში'' 2015 წლიდან ასპარეზობს, გაბი კი გუნდს გასულ წელს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ხავი გუნდის კაპიტანია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ ტრადიციულად ყურადღება იმ ფაქტორზე გაამახვილა, რომ მისმა გუნდმა ბურთზე კონტროლი უნდა მოიპოვოს და მეტოქეს ამ კომპონენტში აჯობოს.

''რთული მატჩი გველის, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენ გვსურს შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მოვიპოვოთ.

ხავი ლეგენდარული ფეხბურთელია. გაბი უმაღლეს დონეზე თამაშობდა, ის ბრწყინვალე მოთამაშეა. ტაშკენტში დიდი საფეხბურთო ღამე იქნება. რადგან ხავი კლუბს გასვლით მატჩზე პირველად გაყვა, ეს ნიშნავს, რომ ''ფახთაქორს'' ძლიერ მეტოქედ მიიჩნევენ.

მოგატყუებთ, რომ გითხრათ ჩვენ გუნდის მხრიდან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოთ, მაგრამ ჩვენ მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ჩვენ გვსურს გავაკონტროლოთ ბურთი, გავაკონტროლოთ თამაში. ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით ''ფახთაქორი'' კარგად არის მომზადებული.''

ორი ტურის შემდეგ D ჯგუფს ''ფახთაქორი'' 4 ქულით ლიდერობს. ''ალ აჰლისა'' და ''ალ სადის'' ანგარიშზე 3-3 ქულაა, ხოლო ბოლო ადგილს ირანული ''პერსეპოლისი'' 1 ქულით იკავებს. პირველ ტურში ''ფახთაქორმა'' სტუმრად ''პერსეპოლისთან'' ფრედ 1:1 ითამაშა, მეორე ტურში კი საკუთარ მოედანზე ''ალ აჰლი'' 1:0 დაამარცხა.

''ფახთაქორისა'' და ''ალ სადის'' დაპირისპირება 9 აპრილს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: championat.asia

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები