სარი:
Aa
Aa

სარი: "ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აზარს შეველიოთ"

მაურიციო სარის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

 

"ლურჯების" ტრიუმფი ედენ აზარის ბრწყინვალე თამაშის დამსახურება გახლდათ. "ჩაქუჩებმა" ბელგიელი შემტევის შეჩერება ვერ მოახერხეს და ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ჩელსის" იტალიელმა დამრიგებელმა აზარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ედენის გამოსვლით მოხიბლულმა სარიმ განაცხადა: "ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აზარს შეველიოთ. სხვა აზარის პოვნა შეუძლებელია. დღესდღეობით მსოფლიოში სხვა აზარი არ არსებობს, რადგან ედენი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს".

"იმედი მაქვს აზარი ლონდონში დარჩება. დარწმუნებული ვარ მისი გასხვისება არც კლუბს სურს, თუმცა ედენის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ მისი დაყოლიება მოვახერხოთ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება".

ლონდონური დერბის მიმდინარეობისას "ვესტ ჰემის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ, რომ აზარი "ჩელსის" დატოვებდა და კარიერას "რეალში" გააგრძელებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ბელგიელმა შემტევმაც გააკეთა.

"ისინი ცდებიან. სეზონის ბოლომდე "ჩელსიზე" ვარ კონცენტრირებული. მინდა საუკეთესო ოთხეულში მოვახერხოთ ადგილის დამკვიდრება და ევროპა ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ვნახოთ რა მოხდება".

"ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ, რაც ფსიქოლოგიური განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები