Aa
Aa

"მათთან ყველაზე მეტად მიჭირს" - ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მსოფლიოში უძლიერესი ცენტრალური მცველების დასახელება სთხოვეს. "რეკორდმაისტერის" მეგოლემ კი თავისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა.

30 წლის ფორვარდმა სერხიო რამოსი გამოარჩია, ბუნდესლიგაში კი ჟერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის კლასს გაუსვა ხაზი. ისინი ახლა ლევანდოვსკის თანაგუნდელები არიან, თუმცა იყო დრო, როცა უპრინციპულესი მეტოქეებიც იყვნენ.

"ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სერხიო რამოსს გამოვარჩევდი. ის ბრწყინვალე ცენტრალური მცველია, თანაც არა მხოლოდ დაცვის მხრივ, ბურთთან ერთადაც ძალიან კარგად თამაშობს. რაც შეეხება ბუნდესლიგას, იქ ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს გამოვყოფდი, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც იოლი არასდროსაა". - განუცხადა ლევანდოვსკიმ გამოცემა kicker-ს.

რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონატში 2010 წლიდან თამაშობს, მან თავდაპირველად "დორტმუნდის" მაისური მოირგო, 2014 წლიდან კი მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 283 მატჩში 199 გოლი აქვს გატანილი.

მისი ამჟამინდელი და ყოფილი კლუბი ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ მომდევნო ტურში, "ბაიერნის" საშინაო არენაზე ითამაშებენ. ბუნდესლიგის ამჟამინდელი ლიდერი "დორტმუნდია", რომელიც "რეკორდმაისტერს" 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები