Aa
Aa

გრეგ პოპოვიჩის 22-ე!

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ სეზონის დასკვნით ნაწილს ბრწყინვალედ ატარებს. „სპურსის“ კალათბურთელებმა მიჯრით მეცხრე მოგება მიითვალეს და გამთენიისას NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხეს.

ტეხასელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და მეოთხე მეოთხედში მოწინააღმდეგე წინ არცერთხელ გაუშვიათ. „სან ანტონიომ“ მიმდინარე სეზონში 42-ე გამარჯვება მოიპოვა და საშინაო კედლების უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს.

„სპურსის“ წარმატებული სვლა დიდწილად გუნდის ლეგენდარული დამრიგებლის, გრეგ პოპოვიჩის, დამსახურებაა. „გოლდენ სტეიტის“ დამარცხების შემდეგ ტეხასელებმა დადებითი ბალანსი გაინაღდეს, რაც პოპოვიჩის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ზედიზედ 22-ედ მოხდა.

„სან ანტონიომ“ სეზონი უარყოფითი ბალანსით ბოლოს 1996-97 წლებში დაასრულა. მაშინ „სპურსის“ კალათბურთელებმა 82 შეხვედრიდან სასურველი შედეგი მხოლოდ 20-ში დააფიქსირეს.

პოპოვიჩმა „სან ანტონიოს“ თავკაცის პოსტზე NBA-ის ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება და კარიერის მანძილზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1239 შეხვედრა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები