Aa
Aa

ზაიონ უილიამსონი დაბრუნდა

2019 წლის NBA-ის დრაფტის სავარაუდო პირველი ნომერი, ზაიონ უილიამსონი, პარკეტს დაუბრუნდა. 18 წლის კალათბურთელს, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მუხლის ტრავმის გამო 22 დღე არ ჰქონდა ნათამაშები.

უილიამსონი „დიუკის“ უდავო ლიდერია, რაც ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა. მის გარეშე „ლურჯმა ეშმაკებმა“ 5 შეხვედრა ჩაატარეს და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 3-ში მოახერხეს.

უილიამსონმა სამკვირიანი პაუზის შემდეგ მაიკ კრჟიჟევსკის გუნდის მაისური „სირაკუზის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოირგო და საკუთარი სტატუსი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ზაიონმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდის მოთამაშეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 18 წლის კალათბურთელმა 13-დან ყველა სროლა გამოიყენა და აქტივში 29 ქულა, 14 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ზაიონის შესანიშნავი თამაშის წყალობით „დიუკმა“ დამაჯერებელი გამარჯვება დაიბევა და მეტოქეს 84-ით 72 სძლია.

უილიამსონი საოცარ სეზონს ატარებს და NBA-ის სკაუტები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ზაიონი საშუალოდ 21.6 ქულას, 8.8 მოხსნას, 2.2 შედეგიან გადაცემას, 2.3 ჩაჭრას და 1.8 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები