Aa
Aa

"დორტმუნდი" VS "ტოტენჰემი" - მატჩის წინ

დღის მეორე მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება, სადაც საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი „დორტმუნდი“ „ტოტენჰემს“ დაუხვდება. ინგლისურმა შეხვედრამ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი თითქმის გადაწყვიტა - „დეზებმა“ 3:0 მოიგეს და უდიდესი ფორა აქვთ.

დორტმუნდელები ბოლო დროს ძალიან არადამაჯერებლად თამაშობენ და უკანასკნელი 7 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1-ში იმარჯვეს. აშკარაა, რომ ლუსიენ ფავრს პრობლემები აქვს, რაც „აუგსბურგთან“ პარასკევს 1:2 წაგებულ მატჩშიც გამოჩნდა. ამის მიუხედავად, შვეიცარიელი სპეციალისტი იმედს არ კარგავს და აღნიშნავს, რომ მისმა ბიჭებმა ზედმიწევნით გონივრულად უნდა ითამაშონ. მასპინძელთაგან ლუკაშ პიშჩეკის მოედანზე გასვლაა გამორიცხული, კრისტიან პულიშიჩის ბედი კი ჯერ არ გადაწყვეტილა.

ფავრი: „დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ მაღალი დონე უნდა ვაჩვენოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რთულია, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ გონივრულად უნდა ვითამაშოთ.“

როისი: „მჯერა რომ შეუძლებელი შეგვიძლია. ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ ამის გვჯეროდეს. მომენტები უნდა გამოვიყენოთ და გოლები გავიტანოთ. რა თქმა უნდა შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან თუ მოწინააღმდეგემ გოლი გაგვიტანა ყველაფერი გართულდება. მაგრამ მთელ გუნდს სჯერა რომ ჩვენ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“

უქმეებზე ლონდონური დერბი ჩაატარა „ტოტენჰემმა“, რომელმაც „არსენალთან“ 1:1 ითამაშა და პრემიერ ლიგაში მოუგებელ მატჩთა სერია 3-მდე გაზარდა. ამის მიუხედავად, გუნდი ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს და მე-5 ადგილოსანთან 4 ქულიანი უპირატესობა აქვს.

ინგლისელებს დელე ალი ვერ დაეხმარება, მცირე ტრავმები აქვთ ერიკ დაიერსა და ჰარი ვინკსს. მაურისიო პოჩეტინოს თქმით, მისმა შეგირდებმა პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი უნდა დაივიწყონ.

პოჩეტინო: „ვფიქრობ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვთამაშობთ ხოლმე და მოგება ვცადოთ. დორტმუნდთან გამართული პირველი დაპირისპირება უნდა დავივიწყოთ. მნიშვნელოვანია რომ მატჩის პირველივე წუთებიდან მაღალი დონე ვაჩვენოთ, აგრესიულები ვიყოთ და ყველა მომენტში ბოლომდე ვიბრძოლოთ. მაღალი ტემპი - ვფიქრობ სწორედ ეს იქნება წარმატების საწინდარი. ვიცით რომ დორტმუნდი ძალიან კარგი გუნდია. ისინი ბუნდესლიგის პირველ ადგილს იკავებენ, რადგან ეს დაიმსახურეს. ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან მჯერა რომ მოწინააღმდეგე თავიდანვე აგრესიულად შეგვიტევს და გოლის გატანას ეცდება, ამას კი ჩვენც აგრესიული თამაში უნდა დავუპირისპიროთ და ჩვენი თამაში ვიპოვოთ. ვფიქრობ მატჩისთვის მზად ვართ.“

„რეალი“-„აიაქსის“ მსგავსად, „დორტმუნდი“ და „ტოტენჰემიც“ თბილისის დროით ღამის 12 საათიდან ითამაშებენ. მათ შეხვედრას ჰოლანდიელი დენი მაკელი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები