ქეცბაია კვიპროსზე ბრუნდება?
Aa
Aa

ქეცბაია კვიპროსზე ბრუნდება?

კვიპროსული მედიის ცნობით ფამაგუსტის ''ანორთოსისის'' მთავარ მწვრთნელად შესაძლოა თემურ ქეცბაია დაინიშნოს. ქართველი სპეციალისტის კვიპროსულ გუნდში დანიშვნას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ვარაუდობენ, მას შემდეგ რაც კლუბის მმართველი ანდრეას პანტელისი პოსტს დატოვებს.

ქეცბაიას კლუბში დაბრუნების თაობაზე ინფორმაცია მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ გაჟღერდა.  ''ნიუკასლის'' ყოფილი ფეხბურთელი გასული წლის სექტემბერში sport-fm.com.cy-ს ესაუბრა.

''მე მიყვარს ''ანორთოსისი.'' მსურს ოდესმე კლუბში დავბრუნდე. ამ ეტაპზე კლუბში დაბრუნება გამორიცხულია, რადგან ''ანორთოსისში'' ანდრეას პანტელისი მუშაობს. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ესაა.''

კვიპროსული მედია წარსულშიც წერდა, რომ ქეცბაიასა და პანტელისს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მათი თანამშრომლობა გამორიცხულია, თუმცა ეს შესაძლებელი იყო მაშინ, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, შემდეგ კი მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' წვრთნიდა.  2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

შემდგომში ხელმძღვანელობდა პირეოსის ''ოლიმპიაკოსს,'' საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო ამავე წლის აგვისტოში გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

ამჟამად ''ანორთოსისის'' ღირსებას ქართველი ფეხბურთელები, ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები