Aa
Aa

მანჩესტერი VS პსჟ - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის ფრანგების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ევროტურნირების საშინაო მატჩი 1-ზე მეტი ბურთი ისტორიაში პირველად წააგეს. შეხვედრის შემდეგ სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო, რომლის დროსაც გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს.

სოლსკიაერი: „მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა თანაბრად ითამაშეს. პირველი გოლის გატანა უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ამ გოლმა გაგვტეხა. სტანდარტულიდან ბურთი არ უნდა გაგვეშვა, თუმცა ეს ასე მოხდა. მეორე გოლი კი მათი კლასის დემონსტრირება იყო. ეს ბიჭი კი გასაოცარია, კილიამ მბაპე ისე შეიჭრა საჯარიმოში, როგორც მხოლოდ მაღალი კლასის მქონე  შემტევები აკეთებენ.

ამ შეხვედრაში ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ, ეს იმ მატჩებთან შედარებით რაც გავმართეთ, უფრო მაღალი დონის შეხვედრა იყო. ჩვენ ამ მატჩამდე შესანიშნავი ფორმით მოვედით და რა თქმა უნდა ამ თამაშმაც ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია. „პსჟ“ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, სწორედ ამიტომ ითვლებიან ისინი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად.“

ტომას ტუხელი: „ვფიქრობ შესანიშნავად ვითამაშეთ. ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებდნენ, მოედანზე ერთმანეთის კარგად ესმოდათ, აზღვევდნენ ერთმანეთს და აგრესიულებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდნენ მშვიდად და წყნარად თამაშობდნენ.“

„რაც შეეხება დი მარიასა და ეშლი იანგის მომენტს. ვფიქობ დი მარიას გაუმართლა და ის მძიმე ტრავმას გადაურჩა. იანგს კი ოლდ ტრაფორდზე ბევრჯერ უთამაშია და იცოდა, რომ იქ დაღმართი იყო, რასაც უკვე ჯებირი მოყვებოდა, ასე რომ ვფიქრობ ხელის კვრის აუცილებლობა არ იყო. არ მგონია რომ მან ეს ძალით გააკეთა, თუმცა ასე მოხდა.“

„ფანებთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ გაოცებული დავრჩი. მეგონა რომ დი მარიას მანჩესტერის ფანებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ისევე როგორც ჩემი გუნდის სხვა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები დი მარიაც კონკურენტუნარიანია და მისი გაღიზიანებით უფრო ძლიერ ფეხბურთელს ვიღებთ. ეს მას ვერ დაასუსტებს. თუმცა ვფიქრობ დიდი არაფერი მომხდარა“.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „იუნაიტედი“ პირველად დამარცხდა. თავად პარიზელებმა კი ინგლისელ მეტოქეებთან სტუმრად მეორედ იმარჯვეს, მათ აქამდე ნისლიან ალბიონზე ჩატარებულ 10 მატჩში 1 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება ჰქონდათ. მათმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე 121-ე მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 50-ედ შეინახა.

„პსჟ“ და „მანჩესტერი“ საპასუხო შეხვედრას 6 მარტს, „პარკ დე პრენსზე“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები