არველაძის გამარჯვება და გადამწყვეტი მატჩი დუბაიში
Aa
Aa

არველაძის გამარჯვება და გადამწყვეტი მატჩი დუბაიში

2019 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის ''ფახთაქოს'' ერთი ნაბიჯი აშორებს. არველაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ერაყული ''ალ-კუვა'' 2:1 დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც უზბეკური გუნდის მეტოქე დუბაის ''ალ-ნასრია,'' რომლის ღირსებას ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ალვარო ნეგრედო იცავდა, თუმცა გასულ თვეში კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

''ალ-კუვასთან'' შეხვედრაში არველაძის გუნდის მხრიდან გოლები ჯალოლიდინ მაშარიპოვმა და მარატ ბიკმაევმა გაიტანეს. 33 წლის ბიკმაევი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, მას რუსეთის პრემიერლიგასა და ყაზახეთის ჩემპიონატში უთამაშია. 2012 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ''აქტობემ'' ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ''ტორპედო.'' ქუთაისური გუნდის კარში ორივე გოლი ბიკმაევმა გაიტანა.

45 წლის შოთა არველაძე ''ფახთაქორს'' 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. მას ასისტენტობას ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა უწევს. 2016 წელს არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის ''მაქაბიმ'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ქართველ მწვრთნელს კარგი შანსი აქვს მისი ხელმძღვანელობით ''ფახთაქორი'' აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. მიზნის მისაღწევად ''ფახთაქორმა'' 19 თებერვალს დუბაიში, ერთმატჩიან დაპირისპირებაში ''ალ ნასრი'' უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები