Aa
Aa

"ამომავალი ვარსკვლავი"- გოგა ბითაძე

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გოგა ბითაძეს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა.

ის ახალ კლუბში შუა სეზონში გადავიდა, მაგრამ 19 წლის გოგა ბითაძემ სწრაფად მოახერხა თავის გამოჩენა და დღეს ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ვარსკვლავია “- წერს ევროლიგის ვებგვერდი

 

ყოველ წელს ევროპული კალათბურთის საკლუბო ლიგა 22 წლამდე ასაკის საუკეთესო კალათბურთელს პრიზს გადასცემს. ბოლო ორი სეზონი ეს ჯილდო ლუკა დონჩიჩმა მოიგო, ახლა კი  გოგა ბითაძე კონკურენტებს დიდი სხვაობით უსწრებს.

გოგა "ბუდუჩნოსტის" რიგებში შესანიშნავად გამოიყურება. ევროლიგაში მონტენეგრული გუნდის მაისურით ქართველმა ცენტრმა 7 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 12.6 ქულას, 6.6 მოხსნას, 0.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს. გოგა საშუალოდ მატჩში 3 დაფარებას აკეთებს და ამ მაჩვენებლით ევროლიგაში საუკეთესოა. ბითაძე ორქულიანებს 59.2 პროცენტით ისვრის, პერიმეტრიდან კი 25 პროცენტით უტევს.

გოგას მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი +17-ია და ამომავალ ვარსკლავთა კატეგორიას ლიდერობს. საშუალოდ ორმოც წუთზე ეს მაჩვენებელი +26.7-ს უტოლდება, რაც ევროლიგაში მეათეა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული draftnet.com-ის მიხედვით  ბითაძეს 2019 წლის დრაფტზე 24-ე ნომრად "ოკლაჰომა სითი თანდერი" აირჩევს. 

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებითა და 15 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებს. ბითაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, "ხიმკის" წინააღმდეგ გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები