ლორიას მშრალი სერია და წარმატებული მატჩი
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში ''ინგოლშტადტი'' შინ უშუალო კონკურენტ ''მაგდებურგთან'' 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელმა ფილიპ ტიურპიცმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით ''მაგდებურგი'' გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, 18-გუნდიან ლიგაში 17 ქულით მე-14 ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ გერმანული კლუბის მაისურით მეორე ბუნდესლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა. როგორ ''აუესთან,'' ასევე ''ინგოლშტადტთან'' შეხვედრაში 33 წლის მეკარეს გოლი არ გაუშვია და ორივე შეხვედრა მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
''ინგოლშტადტთან'' შეხვედრაში გიორგი ლორიამ 3 სეივი შეასრულა.

ლორიამ მეორე ბუნდესლიგაში ქართველი მეკარის, გიორგი ლომაიას შედეგი გაიმეორა, რომელმაც 2006-07 წლების სეზონში ზედიზედ ორი შეხვედრა გოლის გაშვების გარეშე ჩაატარა.
ლომაია 2007 წლის ზამთარში ''კარლ ცაისში'' გადაბარგდა, გერმანიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ''კიოლნთან'' ჩაატარა და 1 გოლი გაუშვა, თუმცა შემდეგ ორ მატჩში მშრალი სერია შემოგვთავაზა, ''ესენთან'' და ''პადერბორნთან'' მოგებულ მატჩებში გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში ლომაიამ მეორე ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 მატჩში არ გაუშვა გოლი.

მეორე ბუნდესლიგის შემდეგ ტურში ''მაგდებურგი'' მეხუთეადგილოსან ჰოლშტაინ ''კილს'' უმასპინძლებს. თუ ლორია გოლს არ გაუშვებს, ლომაიას ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებს.