თბილისის ''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული
Aa
Aa

თბილისის ''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში 26 წლის ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი ჩაირიცხა. თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ''ლევანტეს'' ყოფილი ფეხბურთელი თურქეთში გაემგზავრა და შეკრებაზე მყოფ თბილისის ''დინამოს'' შეუერთდება.

ცენტრალურ მცველს ''ვალიადოლიდსა'' და ''ლევანტეში'' უთამაშია, თუმცა სარეზერვო გუნდების ფეხბურთელად ითვლებოდა. 2011-12 წლების სეზონში მონხილმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, ლა ლიგა 2-ში 7 შეხვედრა ჩაატარა. მას შემდეგ ფეხბურთელი ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ''ლევანტეს'' სარეზერვო გუნდში გაატარა, რომელიც რანგით მესამე ლიგაში გამოდის. მონხილი მადრიდის ''ატლეტიკოს'' სარეზერვო გუნდშის წევრიც იყო.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ''დინამოს'' შემადგენლობაში ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი, არგენტინელი ანტონიო როხანო, ალჟირული წარმოშობის აბდელ მეჯუბი და ესპანელი ნახევარმცველი ფრან კარბია ჩაირიცხნენ. მათ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვთ.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები