ბათუმის ''დინამომ'' ბრაზილიელის ბრწყინვალე გოლით მოიგო
საფეხბურთო კლუბმა ბათუმის ''დინამომ'' ამხანაგურ მატჩში ''ზუგდიდი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ბრაზილიელი გაბრიელ რამოსის ანგარიშზეა, მან შორი მანძილიდან ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. შეხვედრა ბათუმის ''დინამოს'' ბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა.
გაბრიელ რამოსის ბრწყინვალე დარტყმა
22 წლის გაბრიელ რამოსი ''დინამოს'' გასულ სეზონში შეუერთდა, ნახევარმცველმა ეროვნული ლიგა 2-ის 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ქართულ კლუბში გადასვლამდე რამოსი ''ბაიასა'' და ''კუიაბას'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.

მიმდინარე თვეში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ''ზუგდიდმა'' ედუ უზომას გოლით ქუთაისის ''ტორპედოს'' სარეზერვო გუნდი დაამარცხა. გიორგი თურმანიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ბათუმის ''დინამოსთან'' ჩაატარა.
რაც შეეხება გია გეგუჩაძის გუნდს, ბათუმის ''დინამომ'' პირველ ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის ''მერანს'' 1:0 სძლია, შემდეგ კი ''ზუგდიდი'' დაამარცხა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ბათუმის ''დინამო'' ეროვნული ლიგა 2-დან ელიტარულ ლიგაში აღზევდა, ხოლო ''ზუგდიდი'' ლიგა 3-ში ასპარეზობდა და სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.
ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური