შეუდარებელი გოგა ბითაძე! ორმაგი დუბლი და გამარჯვება "ცედევიტასთან"
ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკლავი, გოგა ბითაძე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 19 წლის ცენტრმა ადრიატიკის ლიგაში, "ცედევიტას" წინააღმდეგ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. ხორვატულ გუნდთან გოგამ 10 ქულა და ამდენივე მოხსნა გაიფორმა.
"ბუდუჩნოსტს" დიდი ორთაბრძოლის გადატანა მოუწია. „ცედევიტა“ გამარჯვებასთან ახლოს იყო და საფინალო სირენამდე 2 წუთი ადრე იგებდა კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დაცვაში კარგი თამაშით და ზუსტი შეტევებით თამაში შემოატრიალეს.
შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე „ბუდუჩნოსტი“ 80:78 იგებდა, ხოლო ბურთი მეტოქეს ჰქონდა. ბოლო სტყორცნა ხორვატთა მხრიდან საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჯეიკობ პულენმა ითავა, თუმცა მას ნორის კოულმა დაუფარა და მატჩიც დასრულდა.
გოგა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ბითაძემ მოედანზე 21:58 წუთი გაატარა და 10 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 19 წლის ქართველმა გოგამ 6-დან 2 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი გააფუჭა.
„ბუდუჩნოსტმა“ ამ გამარჯვების შემდეგ 11 მოგებითა და 5 წაგებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ადრიატიკის ლიგაზე პოდგორიცელები მომდევნო მატჩს 29 იანვარს, სტუმრად „ოლიმპიასთან“ ჩაატარებენ, მანამდე კი ევროლიგაში „გრან კანარიას" შეერკინებიან.