მჭედლიძე: ''ალბათ გუნდს კალიარიში არ გავყვები''
Aa
Aa

მჭედლიძე: ''ალბათ გუნდს კალიარიში არ გავყვები''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე სერია ა-ს შემდეგ ტურში ''კალიარის'' წინააღმდეგ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს. ''ემპოლის'' ფორვარდმა  CrystalSport-თან მცირე კომენტარი გააკეთა: ''5 დღეა სხეულის მაღალი ტემპერატურა მაქვს. სავარაუდო, კალიარიაში გუნდს არ გავყვები. ანალოგიურ მდგომარეობაში ''ემპოლის'' კიდევ 2 ფეხბურთელია.''

''კალიარისთან'' მატჩს ''მილანის'' ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ანტონელი და კაპეზი გამოტოვებენ. როგორც ლევანმა აღნიშნა, მათ სიცხე აქვთ. 20 იანვარს ''კალიარი'' ''ემპოლის'' უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში ლევან მჭედლიძემ ''ემპოლის'' მაისურით 6 მატჩი ჩაატარა ( 5 შეხვედრა - იტალიის სერია ა, 1 მატჩი - იტალიის თასი).

მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ თავი ყველაზე კარგად ''მილანთან'' შეხვედრაში წარმოაჩინა. სერია ა-ს მე-6 ტურში ''ემპოლიმ'' ''კარლო კასტელანიზე'' ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ ''მილანს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 

მეორე ტაიმში თამაშში 28 წლის ლევან მჭედლიძე ჩართო, რომელიც ქულის მოპოვებაში მასპინძლებს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ფრანჩესკო კაპუტომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში მჭედლიძემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა კლუბი დატოვოს, თუმცა ამ ეტაპზე ფეხბურთელი გუნდში რჩება.

მჭედლიძემ ''ლეჩეში'' ტრანსფერი გამორიცხა. მისი თქმით აღნიშნული კლუბიდან დაინტერესება არ ყოფილა.

ლევან მჭედლიძე: ''გამორიცხული არაფერია, შესაძლოა ''ემპოლი'' დავტოვო. სერია ა-ს რამდენიმე გუნდის მხრიდან დაინტერესება რეალურია, თუმცა ამ ეტაზე დაინტერესებულ კლუბებზე საუბარი არ შემიძლია. რაც შეეხება ''ლეჩეში'' შესაძლო ტრანსფერს, აღნიშნული კლუბის მხრიდან წინადადება ნამდვილად არ მიმიღია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები