ებრალიძე პორტუგალიას ტოვებს
პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი ''შავეში'' ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ დატოვა. СrystalSport-ის ინფორმაციით კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
27 წლის მოთამაშე ''შავეშის'' შემადგენლობაში გასულ ზაფხულში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა გარემარბმა პორტუგალიის ლიგის თასის 1 შეხვედრაში და პორტუგალიის თასის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
''შავეშისთვის'' სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. გუნდი, რომელიც გასულ სეზონში ექვსეულში მოხვდა, მიმდინარე სეზონში ელიტარულ ლიგაში ბოლო ადგილზეა.

ფეხბურთელმა СrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით პორტუგალიის ჩემპიონატს დატოვებს და კარიერას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ქართველი მოთამაშე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2013-15 წლებში ''ჟილ ვისენტეს'' მაისურით ასპარეზობდა. პორტუგალიის ელიტარულ ჩემპიონატში 39 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ''პაკოშ ფერეირას'' შეუგდო. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ებრალიძე საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდა და თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე იცავდა ''ვიზეუსა'' და ''ოლივეირენსეს'' ღირსებას.
''შავეში'' ავთო ებრალიძეს ვიდეოკოლაჟით დაემშვიდობა.