თურქეთში წასვლა არ უნდა | ახალი ინფორმაცია მამარდასა და ბეშიქთაშზე
გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული. Footmercato-ს ინფორმაციით, „შავ-თეთრებს“ ქართველი მეკარის იჯარის წესით გაფორმება სურთ და „ლივერპულს“ წინადადებითაც მიმართეს.
„ბეშიქთაში“ მზად იყო, 2 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა თურქულ პრესაში ამ გარიგებას პესიმისტურად უყურებენ. ცნობილი ჟურნალისტის, ერთან სიუზგიუნის თქმით, მამარდაშვილს „ენფილდის“ დატოვება და თურქეთში გადასვლა საერთოდ არ ხიბლავს. „ბეშიქთაში“ კეპა არისაბალაგასაც აკვირდებოდა, თუმცა თურქეთში წასვლის პერსპექტივით არც ის არის აღფრთოვანებული.
ცნობისთვის, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება, თუმცა თურქეთის სუპერ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შემადგენლობის გაძლიერება 6 თებერვლამდე შეუძლიათ. სიუზგიუნის ცნობით, „ბეშიქთაში“ ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა წარმატების ძალიან პატარა შანსი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ ბოლოს „წითლების“ მაისურით 12 იანვარს ითამაშა, როდესაც „ლივერპულმა“ ასოციაციის თასზე „ბარნსლი“ დაამარცხა. სულ მის ანგარიშზე მერსისაიდული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 17 მატჩია.