ლობჟანიძის ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო
საფეხბურთო კლუბი ''რანდერსი'' მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს საბა ლობჟანიძეს არ გაყიდის. შესაძლო ტრანსფერის შესახებ 24 წლის ფეხბურთელი СrystalSport-ს ესაუბრა.
საბა ლობჟანიძე: ''მსურს სეზონის ბოლომდე ''რანდერსში'' დავრჩე, გოლები გავიტანო და შემდეგ წავიდე. ვფიქრობ უმჯობესი იქნება ახალ კლუბს ზაფხულში შევუერთდე. კლუბის სპორტული დირექტორის, სორენ პედერსენის პოზიციას ვიზიარებ და სეზონის ბოლომდე გუნდს დავეხმარები.''
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ლობჟანიძის გადაბირება რამდენიმე არადანიურ კლუბს სურს, თუმცა კლუბების ვინაობა უცნობია.

შეგახსენებთ, amtsavisen-ი პედერსენთან ინტერვიუს გვთავაზობს. ინტერვიუს ნაწილი 24 წლის ქართველ შემტევს ეხება.
სორენ პედერსენი: ''ჩვენი გუნდისთვის საბა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ტრანსფერი შედგება თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ. ვფიქრობ საბას დარჩენა უფრო რეალურია, გაზაფხულზე თავს კარგად წარმოაჩენს და ტრანსფერი სეზონის შემდეგ განხორციელდება.''
- ლობჟანიძის ტრანსფერის შემთხვევაში გაქვთ ალტერნატიული გზა?
- ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი. ისინი საბას შეცვლისთვის მზად არიან. რეალურად ამ ეტაპზე ტრანსფერზე საუბარი არაა, თუმცა ლობჟანიძის გარეშე ასპარეზობისთვის მზად ვართ.
მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ სუპერლიგის ოცივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი შემტევი დანიის სუპერლიგაში მეორე სეზონს ატარებს.

ფოტო: superliga.dk, randersfc.dk