მძიმე ტრავმებით დასრულებული ოცნება - ინტერვიუ კახა ცხადაძესთან
Aa
Aa

მძიმე ტრავმებით დასრულებული ოცნება - ინტერვიუ კახა ცხადაძესთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე განვლილი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის შესახებ crystalsport-ს ესაუბრა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანი, ფრანკფურტის ''აინტრახტის'' ყოფილი მცველი საფეხბურთო კარიერაზე საუბრობს, იხსენებს ლეგენდარულ იუპ ჰაინკესთან მუშაობას, ჰარი რედნაპის ''ვესტ ჰემში'' ჩაშლილ ტრანსფერსა და მძიმე ტრავმებს, რომლებმაც ცხადაძის კარიერას დაღი დაასვა. ცხადაძე აზრს ვლადიმირ ვაისის ფორმაციის საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გამოთქვამს.

- ბავშვობის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება.

- ოჯახს თუ არ ჩავთვლით ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი  ჩემს პროფესიას მივუძღვენი.14 წლის ასაკში რუსთავში ჩემს თამაშს ცნობილი რუსი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი დაესწრო. მან ჩემი თამაში ერთხელ ნახა და პირველმა თქვა, რომ დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. ჩემთვის მისი სიტყვები ყველაზე დიდი სტიმული იყო. რა თქმა უნდა სასიხარულო იყო, რომ მისი სიტყვები გამართლდა. ჩემთვის ეს მოგონება ყველაზე შთამბეჭდავია.

-  არსებობს მოსაზრება რომ თანამედროვე ფეხბურთში ქუჩის ფეხბურთის ელემენტები ქრება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას ? თუ ეთანხმებით როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

ეზოში თამაში ბავშვს ძალიან ბევრ რამეს აძლევს. უპირველესად აძლევს იმპროვიზაციისა და თავისუფლად თამაშის საშუალებას. გუნდში ყოფნისას ბავშვი ჩარჩოებში ექცევა, მაგრამ ქუჩაში თამაშისას სრულიად თავისუფალია და მოქმედებს ისე, როგორც თავად წყვეტს. ეს კომპონენტები დიდ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოში კრეატიული ფეხბურთელების ნაკლებობაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა, რაც ქართული ფეხბურთის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია.

- დსთ-ს ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კრის ვუდსის კარში გატანილი გოლი თქვენს გოლებს შორის საუკეთესო იყო?

- გოლებს იშვიათად ვიტანდი, თუმცა როცა ვიტანდი, ძალიან ლამაზი გოლი გამოდიოდა. რა თქმა უნდა ინგლისთან გატანილი გოლი ერთ-ერთი გამორჩეული, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ცხადაძის გოლი ინგლისის ნაკრებთან

 

- გაიხსენეთ პირველი დღე ''აინტრახტში.''

- ზუსტად მახსოვს პირველივე ვარჯიშზე ძალიან  დიდი დატვირთვა იყო. მთავარმა მწვრთნელმა დრაგოსლავ სტეფანოვიჩმა უბურთოდ გვავარჯიშა. შვებულებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ჩემთვის წარმოუდგენელი დატვირთვით მავარჯიშეს. სამი 15-წუთიანი სირბილი გვქონდა. მესამე 15-წუთიანი სირბილისას ძალიან გამიჭირდა, ვეღარ გავრბოდი და მახსოვს ძალიან ვიმხიარულეთ. პირველივე ვარჯიშზე მივხვდი რამდენად დიდი განსხვავება იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა და ბუნდესლიგას შორის.

-პიროვნული განვითარების კუთხით რა მოგცათ შვედეთში, გერმანიასა და ინგლისში გატარებულმა წლებმა?

- ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ქართველებს მენტალიტეტის მხრივ პრობლემები გვაქვს. რაც მე ძალიან შევითვისე, ეს არის პუნქტუალობა. პროფესიონალიზმი ძალიან მაღალ დონეზეა. ვთამაშობდი ფეხბურთელებთან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ სტიმულს არასდროს კარგავდნენ, სტიმული ყოველთვის ჰქონდათ. ეს ორი ფაქტორია გამოსაყოფი. ევროპული მენტალობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც შემდეგ ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.

- 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ თბილისის ‘‘დინამომ’’ პირველი მატჩი მოსკოვის ‘‘სპარტაკთან’’ ჩაატარა. ‘‘სპარტაკთან’’ გატანილი გოლი თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო? როგორი იყო თქვენი განცდები და ემოციები მატჩის დასრულების შემდეგ?

- მახსოვს მატჩისწინა დღეს ეროვნული მოძრაობის წევრები მოვიდნენ და ძალიან გვთხოვეს, რომ მატჩი მოგვეგო. ფეხბურთელებს ძალიან გვინდოდა გამარჯვება. ემოციურად დამუხტულები ვიყავით. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ლამაზი გოლი გამოვიდა. ამ გოლს ხშირად ვუყურებ ხოლმე, რეპორტაჟს კოტე მახარაძე უძღვებოდა. მოხარული ვარ, რომ ამ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე და გამარჯვება მოვიპოვეთ.

-  1991 წელს თბილისის ‘‘დინამო’’ დატოვეთ და ნახევარი სეზონი შვედურ ‘‘სუნდსვალში’’ გაატარეთ. შვედეთში თამაშისას რამდენად რეალური იყო დაინტერესება ლისაბონის ‘‘ბენფიკას’’ მხრიდან, რომელსაც იმ პერიოდში შვედი სვენ გორან ერიქსონი წვრთნიდა?

- შვედეთში თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სტუმრად ''მალმიოსთან'' მარტინ დალინის წინააღმდეგ ჩავატარე. შვედებმა ერიქსონს ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს. ერიქსონი ცენტრალური მცველების, ალდაირისა და მოზერის შემცვლელებს ეძებდა. ლისაბონში ტრავმირებული ჩავედი, რამდენიმე დღე ვივარჯიშე. სიმართლე უნდა ითქვას, რომ იმ ეტაპზე, 1991 წელს ალდაირისა და მოზერის დონის ფეხბურთელებს ვერ შევცვლიდი.  მაშინ ''ბენფიკა'' ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა. დაინტერესება რეალური იყო, თუმცა მათ მზა ფეხბურთელი სჭირდებოდათ, რომელიც ალდაირსა და მოზერს სრულყოფილად შეცვლიდა. 

- 1992 წლის 3 ივნისს დსთ-ს ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩი დანიის ნაკრებთან ჩაატარეთ. კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაში შეცდომა დაუშვით, რასაც ბენტ კრისტენსენის გოლი მოჰყვა. როგორ ფიქრობთ რატომ არ გათამაშათ მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ?  მიზეზი იყო ტრავმა თუ დანიის ნაკრებთან დაშვებული შეცდომა?

- ორივე. ჩემი ბრალი იყო, კუნთი გაწყვეტილი მქონდა, თუმცა დანიის ნაკრებთან თამაშის გამოტოვება არ მინდოდა. გოლის ეპიზოდში ბურთს მეკარეს ვუგორებ იმ ფეხით, რომელზეც კუნთი გაწყვეტილი მაქვს. ელემენტარულ ვითარებაში შევცდი, ფეხმა არ გამიშვა, გადაცემა ნელი გამოვიდა, ჩაჭრეს და გაიტანეს. რა თქმა უნდა ბიშოვეცის გადაწყვეტილებაზე ჩემს მიერ დაშვებულმა შეცდომამ იმოქმედა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კოპენჰაგენში რომ არ მეთამაშა, ევროპის ჩემპიონატის პირველივე თამაშში სასტარტოში ვიქნებოდი, ფეხს მოვირჩენდი და თამაშისთვის მზად ვიქნებოდი, მაგრამ დანიასთან ტრავმა გავირთულე. ინგლისის ნაკრებთან თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი დამკვიდრებული მქონდა. მაშინ სამი მცველით ვთამაშობდით, კუზნეცოვი-ცვეიბა და მე, თუმცა შემდეგ ანდრეი ჩერნიშოვმა შემცვალა. გული მწყდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ვერ ვითამაშე. 

კოპენჰაგენში გამართული ამხანაგური მატჩიდან გამომდინარე რამდენად ელოდით, რომ დანიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდებოდა?

- დანიელებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენეს. მათთან ამხანაგური მატჩი დიდი ხნის დაგეგმილი იყო. ევროპის ჩემპიონატზე დანიის ნაკრებმა იუგოსლავიის ნაკრები ჩაანაცვლა, რაც ჩვენთან თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა. სიმართლე გითხრათ საერთოდ არავინ მოელოდა ჯერ თუ დანიელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდნენ და შემდეგ თუ მოიგებდნენ. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მათ ვან ბასტენის, გულიტისა და რაიკარდის ჰოლანდია დაამარცხეს.

- საფეხბურთო კარიერიდან რომელი ფოტო აღძრავს თქვენში განსაკუთრებულ ემოციებს?

- ფოტო პოლონეთთან მატჩშია გადაღებული, მთელი გუნდი ერთად ვართ. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტური იყო, შინ 3:0 მოვიგეთ. მაგარი თამაში გამოვიდა, ძალიან კარგად მახსენდება. არავის  ეწყინოს, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერი სწორედ მაშინ იყო. 


 

-1992 წლის 22 ოქტომბერს  უეფას თასზე მოსკოვის ‘‘დინამოში’’ ასპარეზობისას ტურინში ‘‘ტორინო’’ დაამარცხეთ, რომლის შემადგენლობაში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი ენცო შიფო თამაშობდა. რა იყო მისი მთავარი პლუსი მოედანზე?

- ძალიან კრეატიული  ფეხბურთელი იყო, უმაღლესი დონის ფლეიმეიქერი, თუმცა იმ დროს ევროპულ ფეხბურთში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა. ჩვენთან თამაშისას ''ტორინო'' სერია ა-ს ლიდერობდა. შიფო ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, მუდამ ბურთს ეძებდა. ბურთის ყოველი მიღებისას თამაშის გამწვავებაზე იყო კონცენტრირებული. თამაშს ამწვავებდა დრიბლინგით, კარში დარტყმით, პასით. შიფო უდავოდ გამორჩეული იყო, თუმცა ჩვენ შევძელით და ''ჩავკეტეთ.''

- 1993 წლის 8 დეკემბერს ''აინტრახტში'' თამაშისას უეფას თასზე ბებეტოს ''დეპორტივო'' ‘‘რიაზორზე’’ დაამარცხეთ. თქვენს კარიერაში ბებეტო ყველაზე ძლიერი ოპონენტი იყო?

- იმ პერიოდის არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშე. რა თქმა უნდა თითოეულს თავისი პლუსები ჰქონდა. ბებეტოს განეიტრალება ძალიან რთული იყო, მით უმეტეს მაშინ პერსონალური დაცვის სისტემით ვთამაშობდით, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე რთული კლინსმანის განეიტრალება იყო, რადგან ის ფიზიკური სიძლიერით, სისწრაფითა და თავით კარგად თამაშით გამოირჩეოდა. 

- 1995 წლის ივლისში ინტერტოტოს თასზე საკმაოდ ძლიერ ''ბორდოსთან'' ითამაშეთ, მეტოქის შემადგენლობაში ვიჩგე, ზიდანი და ლიზარაზუ თამაშობდნენ. კრისტოფ დიუგართან ორთაბრძოლისას მძიმე ტრავმა მიიღეთ, რის გამოც ხანგრძლივი დროით ფეხბურთს ჩამოშორდით. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული პერიოდი იყო ?

- ბუნდესლიგაში მესამე სეზონს ვიწყებდი, კარიერის პიკში ვიყავი, ''ბორდოსთან'' შეხვედრაში დიუგართან ორთაბრძოლისას დაღლილობის ფონზე ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე, რის გამოც 7 თვე გამოვტოვე. მას შემდეგ მიკროტრავმები გახშირდა, რამაც ჩემს სტაბილურ თამაშს ხელი შეუშალა.

''დეპორტივო'' ჩემს სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს იხდიდა, მაგრამ ''აინტრახტმა'' არ გამიშვა, რადგან კლუბი მეტს ითხოვდა, კლუბს მეტი სჭირდებოდა და ''ბორდოსთან'' მიღებულმა ტრავმამ ჩემს პროგრესს და უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას ხელი ძალიან შეუშალა.

- ბორდოსთან შეხვედრაში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ როგორ ახერხებდით ფსიქოლოგიური სიმტკიცის შენარჩუნებას?

- ძალიან ბევრს ვმუშაობდი. რა მომცა ევროპაში თამაშმა? პროფესიონალიზმი. ჩემთვის თანაგუნდელები, განსაკუთრებით კი  გერმანელი მოთამაშეები სამაგალითოები იყვნენ. ისინი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. სატრენაჟორო დარბაზში ყოველდღიურად 5 საათს ვატარებდი, პლუს 1 საათი სარეაბილიტაციო მასაჟებს ეთმობოდა. როდესაც ადამიანს მიზანი აქვს, მიზნის მისაღწევად ბევრი უნდა იმუშავოს. დამოკიდებულება, რომელსაც გერმანელებისგან საქმისადმი ვხედავდი, ძალიან გამომადგა. 7 თვის შემდეგ დავბრუნდი და  ნაკრებშიც ვითამაშე.

- ფრანკფურტის ''აინტრახტში'' ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად თამაშობდით. მას პიროვნულად როგორ დაახასიათებთ ?

- ძალიან კარგი პიროვნებაა. მაშინ ''აინტრახტის'' ძირითადში სამი უცხოელი ვთამაშობდით: პოლონელი იან ფურტოკი, მე და ენტონი იებოა.  ჯეი-ჯეი ახალგაზრდა იყო, თუმცა ძალიან იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. მახსოვს სახლში 2:1 მოვუგეთ ''კარლსრუეს.''  ჯეი-ჯეი მოედანზე შემოვიდა და კანის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გოლი დღემდე მსოფლიოს 50 საუკეთესო გოლს შორისაა.  ოკოჩა ძალიან მხიარული პიროვნება იყო.  მე და ჯეი-ჯეი ''აინტრახტში'' ერთდროულად მივედით. ის თმებს ხან წითლად იღებავდა, ხან კი -  ყვითლად, ძალიან მხიარული იყო. სხვათაშორის ამ მხრივ აფრიკელები გამორჩეულები არიან. ტონიც მხიარული იყო. მათთან განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

- იუპ ჰაინკესის მთავარი მწვრთნელობისას ფრანკფურტის ''აინტრახტი'' ბუნდესლიგის აუტსაიდერად იქცა და შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა გუნდის წარუმატებლობა?

- იმ პერიოდში ბუნდესლიგის გუნდები პერსონალური დაცვის სისტემით თამაშობდნენ: 3 ცენტრალური მცველი და 1 ლიბერო. ჰაინკესი ბილბაოს ''ატლეტიკში'' მუშაობდა და ესპანეთიდან ''აინტრახტში'' წამოვიდა. მან ახალი სისტემით თამაში გადაწყვიტა, პერსონალურ დაცვაზე უარი თქვა და 4 მცველი ხაზზე მოქმედებდა. ახალი სისტემა გუნდმა კარგად ვერ აითვისა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ანდრეას კიოპკე ბუნდესლიგიდან მესამედ გავარდა.

არსებობდა მეორე პრობლემა, მას შემდეგ რაც ''აინტრახტში'' გადავედი, მთავარი მწვრთნელი 7-ჯერ შეიცვალა. ცხადია ყოველ გაშვებულ მწვრთნელს კომპენსაციას უხდიდნენ, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა. არასაკმარისი ფინანსების გამო გუნდში მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები მოიყვანეს. ისეთი სელექცია არ ჩატარდა, როგორიც ჰაინკესს სჭირდებოდა.

ჰაინკესის ვარჯიშებიდან ბევრი რამ მახსოვს და ბევრი რამ გადმოვიღე, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზზე თამაში. იუპი ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო, თუმცა არასწორი სელექციისა და სათამაშო სისტემის რადიკალურად შეცვლის გამო მეორე ბუნდესლიგაში გავვარდით.

- რომ არა 26 წლის ასაკში მიღებული მძიმე ტრავმა, თქვენს თავს ‘‘აინტრახტზე’’ ძლიერ კლუბში ხედავდით?

- რა თქმა უნდა. თბილისის ''დინამოში''  ყოფნისას საბჭოთა კავშირის ძლიერ ჩემპიონატში ვითამაშე, შემდეგ შვედეთში წავედი და ვთვლი, რომ შვედეთში გარკვეულ კომპონენტებში მოვუმატე, განსაკუთრებით კი მეორე სართულზე თამაშში. შვედეთის შემდეგ მოკოვის ''სპარტაკსა'' და მოსკოვის ''დინამოში'' ვითამაშე და  24 წლის ასაკში ''აინტრახტში'' გადავედი. 25-26 წლის ასაკში ფეხბურთელი მაღალი დონის გუნდისთვის ჩამოყალიბებულია. სამწუხაროდ, არ გამიმართლა. ''აინტრახტს'' რომ '' დეპორტივოში'' გავეშვი, შეიძლება ტრავმა არ მიმეღო.

-1997 წლის ზაფხულში ჰარი რედნაპის ‘‘ვესტ ჰემში’’ ტრანსფერის ჩაშლა დიდი იმედგაცრუება იყო?

- რა თქმა უნდა. ტრანსფერი ნოდარ ანდრიაძემ ჩაშალა, რომელიც უფროსი ნოდარ ახალკაცის დროს სფფ-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. პოლონეთმა 4:1 მოგვიგო და თვითმფრინავში რამდენიმე ფეხბურთელმა ცოტა ალკოჰოლი მივიღეთ. ეს ფაქტი ანდრიაძემ გარეთ გამოიტანა. ალკოჰოლთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინგლისურ პრესაშიც დაიწერა, ფეხბურთელში, რომელშიც მილიონ ფუნტს იხდიან, ლოთი ყოფილაო. ძალიან ნეგატიური შინაარსის სტატია იყო და ტრანსფერი ჩაიშალა. ანდრიაძესთან კონფლიქტი მაშინაც მომივიდა, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკვების ნაცვლად სენდვიჩები მოგვიტანეს. 

- ''მანჩესტერ სიტიში'' ასპარეზობისას 2 მძიმე ტრავმა მიიღეთ. ჯერ ''ფულემთან,'' მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი ''სტოკთან.'' როგორი იყო თქვენი შინაგანი მდგომარეობა, როცა მოედანზე დაბრუნების შემდეგ კვლავ მძიმედ დაშავდით?

ჩემთვის ტრაგედია იყო. ფაქტიურად დიდი ფეხბურთის თამაში დავასრულე. მახსოვს მთავარ მწვრთნელ ჯო როილს, როცა ჩემთან საავადმყოფოში მოვიდა, ცრემლები წამოუვიდა. 

 ''ფულემთან'' თამაში კარგად მახსოვს. თამაშის დღეს, დილით, პირველად ცხოვრებაში, მოთელვა აუზში გავიარეთ. ზოგადად თამაშამდე ორი დღით ადრე აუზში არ ჩავდიოდი ხოლმე, რადგან ჩემზე ცუდად მოქმედებდა, ძალიან ვითენთებოდი, ჯო როილის მოთხოვნით მოთელვა აუზში გავიარეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად გავიგე. 

თამაშამდე ვთხოვე ჯო როილს,  ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, კარგად არ ვარ-მეთქი. გული მოედნისკენ არ მიშვებდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მაინც მათამაშა. მაშინ ''ფულემის'' მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი იყო და მისი გუნდი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ჩვენს კონკურენტად ითვლებოდა. იმ პერიოდში ''მანჩესტერ სიტის'' ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ვითვლებოდი.

საწყის წუთებში ჯვარედინი იოგი გამიწყდა, შიდა გვერდითა იოგი გამიწყდა  და მენისკის ტრავმა მივიღე. სამი დაზიანება ერთ მომენტში სრული ტრაგედია იყო. ოპერაცია არასწორად გამიკეთეს. შიდა იოგი გამიკერეს და ჯვარედინი იოგს არ შეეხნენ, რადგან ექიმები ფიქრობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მოედანს უფრო სწრაფად დავუბრუნდებოდი. ჯვარედინი იოგის გაწყვეტის შემდეგ მოედანზე 6 ან  7 თვეში დავუბრუნდებოდი, ექიმებმა კი მითხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ სამ თვეში თამაშს შევძლებდი. სამ თვეში დავბრუნდი და პირველივე ვარჯიშზე მენისკის ტრავმა მივიღე. ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში გავემგზავრე.

ძალიან ბევრი ვიწვალე. 9 თვე ვიმუშავე, ორი ოპერაცია გავიკეთე და 9 თვის შემდეგ დავბრუნდი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. დავბრუნდი და ''სტოკის''  სარეზერვო გუნდთან თამაში გქვონდა. ჯო როილი თამაშის საყურებლად მოვიდა, სურდა ენახა მზად ვიყავი თუ არა  სამ დღეში პირველ გუნდში სათამაშოდ.  სარეზერვო გუნდში თამაშისას კვირისტავი შუაში გამიტყდა. საშინელება და დიდი ტრაგედია იყო. მსგავსი ტრავმის შესახებ არ მსმენია. ინგლისში მაღალ დონეზე თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება დასრულდა. 

 - რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ფეხბურთელმა პარალელურად განათლების მიღებაზე იზრუნოს?

- პარალელურად უნივერსიტეტის დამთავრება შეუძლებელია, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის,  მენტალურად ვითარდება, ენას სწავლობს, შესაძლებლობა აქვს დასვენებისას მხატვრული ლიტერატურა იკითხოს.

ფეხბურთი ინტელექტუალური თამაშია და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს საშუალო დონის ინტელექტი მაინც ჰქონდეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც შემდგომში მწვრთნელობას გეგმავს. ფეხბურთელი ინტელექტის ამაღლებას მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს. მწვრთნელი ფსიქოლოგიაშიც უნდა ერკვეოდეს, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეულ ფეხბურთელს თავისებურად უნდა მიუდგე. თუნდაც საფეხბურთო ლიტერატურის კუთხით დღეს გაცილებით დიდი არჩევანია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში არსებულმა მძიმე ვითარებამ ეროვნული ნაკრების გამოსვლაზე რამდენად დიდი გავლენა მოახდინა?

- ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი თაობა მაშინ იყო, თუმცა დიდ ტურნირზე ვერ ითამაშა. 90-იან წლებში გამოცდილი მწვრთნელი არ გვყავდა. გამოცდილება მწვრთნელების გარდა ფეხბურთელებსაც გვაკლდა. წარმატების გაცილებით დიდი შანსი იქნებოდა მთავარ მწვრთნელად ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი რომ გვყოლოდა ან თუნდაც მისი წინამორბედები.

ბევრი ნიუანსი იყო. წარმოიდგინეთ ჩვენი ჩამოსვლისას ბაზაზე უამრავი ადამიანი გვხვდებოდა, რომლებიც ფინანსურ დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ ხომ ყველას უჭირდა. როცა სათხოვნელად 100 ადამიანი მოდის, რიტმიდან და რეჟიმიდან ამოვარდნილი ხარ. 

- საუკეთესო მატჩი თქვენს ბუნდესლიგურ კარიერაში.

- ერთ კონკრეტულ მატჩს ვერ გამოვარჩევ. პირველი ორი სეზონი ძალიან კარგად ჩავატარე,  სიმბოლურ ნაკრებში ხშირად ვხვდებოდი. მახსოვს La Gazzetta dello Sport-მა ევროპის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანა. მე უფრო სეზონებს გამოვყოფდი. საუკეთესო ბუნდესლიგაში გატარებული პირველი ორი სეზონი იყო.

- მოედანზე ან მოედანს მიღმა მეტოქის მხრიდან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი.

    - მოსკოვის ''დინამოში'' თამაშისას უეფას თასზე ''ტორინო'' დავამარცხეთ. მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ემილიანო მონდონიკომ მოსკოვური თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ცხადაძემ მაღალ დონეზე ითამაშა, გოლის გატანის შესაძლებლობა არ მოგვცა და მთელი დაცვა ''დაკეტაო.'' ასევე მახსენდება ფრანც ბეკენბაუერის სიტყვები, მისი თქმით მეორე სართულზე ბუნდესლიგის საუკეთესო მცველი ვიყავი. 

    - ყველაზე დიდი გამარჯვება სანაკრებო კარიერაში.

    - პირველი ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს ნაკრებში. ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში თბილისში უელსი 5:0 დავამარცხეთ.

    - ქართული სპორტული მედია რამდენად ადეკვატურად აფასებს მოვლენებს?

    - ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი ჟურნალისტები გვყავს. სხვა საკითხია რამდენად ობიექტურები არიან.

    - დაცვის ცენტრში საუკეთესო მეწყვილე თქვენს ბუნდესლიგურ კარიერაში.

    - მანფრედ ბინცი, რომელიც გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.

    - 1994 წელს უეფას თასზე ''კაზინოსთან'' შეხვედრაში მეტოქის მთავარ მწვრთნელ ოტო ბარიჩთან დაპირისპირება თქვენი კარიერის ყველაზე უსიამოვნო მომენტია?

    - მსაჯი რუსი სერგეი ჰუსეინოვი იყო. დსთ-ს ნაკრებში ადმინისტრატორად მუშაობდა და მას კარგად ვიცნობდი. ''კაზინოსთან'' შეხვედრაში ჩემს თანაგუნდელ დიკაუტს ყვითელი ბარათი ჰქონდა  მიღებული და მოედნის ცენტრში ძალიან უხეშად ითამაშა. მსაჯს შეეძლო მეორე ყვითელი ბარათი მიეცა, ჰუსეინოვს რუსულად ვუთხარი, რომ გრიგორიჩ მეორეა-მეთქი. ჩემი სიტყვები ბარიჩმა გაიგო, მას რუსული ესმოდა, გამოვიდა და მითრა: ''რუსო ღორო.'' მე რუსულად შევაგინე. ბარიჩი გაცილებით უფროსი იყო, შემდეგ ვინანე, თუმცა ისიც ძალიან ცუდად მოიქცა, შემაფურთხა. ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო.

    ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას განაცხადეთ: ‘‘ჩემთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ქართველები გავაევროპელოთ. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ვკმაყოფილდებით. კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ თუ მესამე ადგილს დავიკავებთ. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.’’ როგორ ფიქრობთ მიზანი, რომელიც თქვენ გქონდათ, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობისას რამდენად კარგად სრულდება? 


     

    -  ეს კომენტარი წილისყრამდე გავაკეთე, მიზნად მესამე ადგილზე გასვლას ვისახავდით,  წილისყრის შემდეგ ჩემი ამბიცია გაიზარდა, პირადად მე ვამბობდი, რომ პირველ-მეორე ადგილისთვის უნდა გვებრძოლა. 

    გაევროპელებაში მხედველობაში მქონდა სტაბილური გამოსვლა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, რაც დღეს ეროვნულ გუნდს ნამდვილად აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ერთა ლიგაზე გაცილებით სუსტ გუნდებთან ვითამაშეთ,  შესარჩევ ციკლში  ხომ გაცილებით ძლიერი მეტოქეები გვყავს ხოლმე. ჩემი წასვლის შემდეგ ეროვნულმა გუნდმა 2 წელი ჩააგდო, რადგან 10-დან 1 თამაშიც ვერ მოიგო. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ვაისის გუნდში დარჩენა იყო. 

    როცა ახალი მთავარი მწვრთნელი მოდის, ახალი იდეები მოაქვს და მას დრო სჭირდება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. როცა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, გუნდს 1 ქულაც არ ჰქონდა და უკვე ჩაგდებული შესარჩევი ციკლი გუნდის აშენებისთვის გამოვიყენე, შემდეგი შესარჩევისთვის კი ამბიცია მქონდა. მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, 2 წლის დაგვიანებით შესრულდა და ეს ყველამ უნდა აღიაროს.

    ფაქტია დღეს  საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპული მენტალიტეტით ცხოვრობენ. ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, შედგა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი. როცა ეროვნულ გუნდში კობიაშვილი, გახოკიძე, კალაძე, ცქიტიშვილი და დემეტრაძე დაგვემატნენ, ეროვნული ნაკრები შეივსო. ასევე მოხდა ახლაც, ნაკრებს პაპუნაშვილი, კაკაბაძე და ჩაკვეტაძე შეუერთდნენ. მათ ნაკრები შეავსეს და შედეგი მოვიდა.

    - საფეხბურთო თემატიკაზე რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით დამწყებ მწვრთნელებს?

    - The Manager-ს ვურჩევდი, ეს წიგნი ძალიან ბევრჯერ წავიკითხე. წიგნში პრემიერლიგის 20 საუკეთესო მწვრთნელის ციტატებია მოყვანილი. წიგნში ყველაფერი გაშიფრულია. წიგნში კარგად ჩანს ფერგიუსონის, ვენგერის, ანჩელოტის, მანჩინის, გუარდიოლასა და სხვა მწვრთნელების დამოკიდებულება კლუბის ხელმძღვანელებთან, ფეხბურთელებთან, მედიასთან და აგენტებთან. მწვრთნელისთვის საჭირო ყველა ფაქტორზე წერია. სამაგიდოა ფერგიუსონის ავტობიოგრაფიულ წიგნთან ერთად.

    - ფეხბურთის გარდა რომელი სფეროთი ხართ დაინტერესებული?

    - ფეხბურთი წინ წავიდა, მუშაობა იმდენად გართულდა, რომ პრაქტიკულად თავისუფალი დრო არ რჩება. მუშაობას დილის 11 საათზე ვიწყებ და საღამოს 9 საათზე ვასრულებ. ძალიან მიყვარს ნადირობა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მურთაზ შელიასთან ერთად სანადიროდ დავდიოდი ხოლმე. მაშინ დრო გვქონდა, მაგრამ ახლა ამის საშუალება არ არის. ახლა ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ, თითოეულ მოთამაშეზე უამრავი ინფორმაციის მიღება შემიძლია. ძალიან რთულია უამრავი სახის ინფორმაციის გადამუშავება, ეს საშინელებაა.

    - თანამედროვე ფეხბურთში რა პრობლემებს ხედავთ?

    - ფეხბურთი ძალიან სწრაფად ვითარდება. ერთადერთ პრობლემას ინდივიდუალისტების ნაკლებობაში ვხედავ. თუნდაც რონალდუ ჩარჩოებშია მოქცეული.ჩარჩოებისგან თავისუფალი მხოლოდ მესია,  მისი ინდივიდუალიზმი და იმპროვიზაცია გუნდის შედეგიან თამაშს ხელს ძალიან უწყობს.

    80-იან და 90-იან წლებში ძალიან ბევრი ინდივიდუალისტი იყო. თუნდაც გავიხსენოთ იტალიის სერია ა,  იტალიელი ინდივიდუალისტების არყოფნამ მსოფლიო ფეხბურთზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ფაქტია, იტალიურ ბავშვთა ფეხბურთში რაღაც არასწორად კეთდება.

    -ჩაკვეტაძის გადაბირებით ცნობილი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. იმ ფაქტმა, რომ მის გარშემო დიდი აჟიოტაჟია, შესაძლებელია მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს?

    - მას ყურები არ უნდა გამოუჭედონ და ზედმეტად არ უნდა დაძაბონ. ძალიან ბევრი ნიუანსია. კლუბისა და აგენტების დაინტერესება ერთია, რომ რაც შეიძლება დიდ თანხად გაყიდონ. ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა მისი კარიერა. ვისაც მხოლოდ ფული აინტერესებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩაკვეტაძე ითამაშებს თუ არა. ფეხბურთელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მასზეა დამოკიდებული. ის უნდა წავიდეს იმ გუნდში, სადაც პროგრესი და  სათამაშო დრო ექნება. ეს ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. მისი შემდეგი ნაბიჯი არ უნდა იყოს ბოლო ნაბიჯი. უნდა გადავიდეს გუნდში, სადაც ახალგაზრდები ვითარდებიან. გიორგის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს წინგადადმული, მაგრამ ძალიან მაღალი დონის გუნდამდე ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

    - ინტერვიუს რომელ ყოფილ მწვრთნელთან ჩაწერდით?

    - დრაგოსლავ სტეფანოვიჩთან და იუპ ჰაინკესთან. ისინი ძალიან ძლიერი მწვრთნელები იყვნენ. ასევე ჯო როილთან,  მასთან ''მანჩესტერ სიტიში'' ვმუშაობდი. დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მწვრთნელი პეპ გუარდიოლაა, მას დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი.

    - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის.

    შვილიშვილები მყავს, სამწუხაროდ უცხოეთში ცხოვრების გამო მათ ხშირად ვერ ვნახულობ, ძალიან მენატრებიან. ყველაზე დიდი განტვირთვა ოჯახში ყოფნაა.

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები