''გაგრა'' მთავარმა მწვრთნელმა დატოვა: ''არ გემშვიდობებით, მე ვამბობ შეხვედრამდე''
საფეხბურთო კლუბი ''გაგრა'' მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. უკრაინელმა დენის ხომუტოვმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე პოსტი დატოვა.
ხომუტოვმა ''გაგრას'' პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა: "მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და მოთამაშეები ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა. ჩვენ ვიყავით ერთიანი. უღრმესი მადლობა ყველას მუშაობისთვის, მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა გუნდს ბედნიერ და რთულ მომენტებში. მე არ გემშვიდობებით, მე ვამბობ შეხვედრამდე!"
გასულ სეზონში ხომუტოვის ხელმძღვანელობით ''გაგრა'' საქართველოს თასის ფინალში გავიდა და პენალტების სერიაში ქუთაისის ''ტორპედოსთან'' დამარცხდა.
2018 წელს კლუბმა ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა, ფლეი-ოფში ბოლნისის ''სიონთან'' დამარცხდა და შემდეგ სეზონს კვლავ რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.
39 წლის უკრაინელი სპეციალისტი ''გაგრას'' 2017 წლის აგვისტოდან წვრთნიდა.
ფოტო: ''გაგრას'' პრესსამსახური