ყენიას დასამახსოვრებელი დრიბლინგი და ''დუდელანჟის'' ისტორიული მატჩი
Aa
Aa

ყენიას დასამახსოვრებელი დრიბლინგი და ''დუდელანჟის'' ისტორიული მატჩი

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუქსემბურგის ''დუდელანჟმა'' შინ სევილიურ ''ბეტისს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ''დუდელანჟისთვის'' ესპანურ კლუბთან შეხვედრა ისტორიული იყო, რადგან გუნდმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა.

ლევან ყენიამ მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ''შალკეს'' ყოფილმა ნახევარმცველმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა, თუმცა სასტარტოში პირველად მოხვდა.

''დუდელანჟის'' მიერ შექმნილი ყველაზე სახიფათო მომენტი ყენიას აქტიურ თამაშს მოჰყვა. მან მარცხენა ფლანგზე მეტოქის სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და შესანიშნავი დრიბლინგით დაგვამახსოვრა თავი.

 

''დუდელანჟის'' ფეხბურთელთა შორის ყენია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. sofascore-მა ყენიას თამაში  6,9 ქულით შეაფასა. ამ მაჩვენებლით ყენია მხოლოდ მეკარეს ჩამორჩა, რომელმაც ''დუდელანჟი'' არაერთ მომენტში გოლისგან იხსნა.

28 წლის ლევან ყენიამ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.

F ჯგუფში ''ბეტისი'' 12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ''ოლიმპიაკოსმა'' და ''მილანმა'' 10-10 ქულა მოიპოვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე პოზიცია ბერძნულმა კლუბმა დაიკავა.

''დუდელანჟი'' 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. დინო ტოპმიოლერის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა. კლუბმა პირველად მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევა და ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

''დუდელანჟის'' ფეხბურთელები მატჩის შემდეგ 

J ჯგუფში ''სევილიამ'' ბენ იედერის დუბლითა და ბანეგას გოლით 3:0 დაამარცხა ათკაციანი ''კრასნოდარი,'' რომელსაც ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარა. ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს 2019 წელს დაუბრუნდება.

აღნიშნულ ჯგუფში ''სევილიამ'' 12 ქულა მოაგროვა. ასევე 12 ქულაა ''კრასნოდარის'' ანგარიშზე. ესპანური გუნდი პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გავიდა.

ევროპა ლიგაზე ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი იასპარეზებს: ოქრიაშვილის ''კრასნოდარი'' და დავით ხოჭოლავას დონეცკის ''შახტარი.''

ფოტო: as.com, elespanol.com, f91.lu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები