მოგზაურობა ბავშვობაში - ინტერვიუ გეგა დიასამიძესთან
Aa
Aa

მოგზაურობა ბავშვობაში - ინტერვიუ გეგა დიასამიძესთან

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' 19-წლიან ისტორიაში 2018 წელი განსაკუთრებულია. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის გათამაშება მოიგო და 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 33-ე ტურში ''საბურთალომ'' ''მესხზე'' უშუალო კონკურენტი თბილისის ''დინამო'' 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

 ''საბურთალოს'' წარმატებაში 26 წლის კრეატიულმა ნახევარმცველმა გეგა დიასამიძემ დიდი წვლილი შეიტანა. პორტუგალიური ''ოდეაშისა'' და დანიური ''ორჰუსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების 33 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოთამაშე crystalsport-თან საუბარში ამსტერდამის ''აიაქსში,'' პორტუგალიურ ''ოდიაშსა'' და დანიურ ''ორჰუსში'' გატარებულ პერიოდს იხსენებს. ინტერვიუს მიმდინარეობისას დიასამიძე ხშირად ბავშვობის წლებზე საუბრობს და ინტერვიუს სათაურიც აქედან გამომდინარე შეიქმნა.

-  რატომ ქრება ქუჩის ფეხბურთი?

-  დრო შეიცვალა და თაობაც განსხვავებულია. ბავშვობაში, როცა სკოლიდან სახლში მოვიდოდი, ბურთს ავიღებდი და ეზოში სათამაშოდ მივდიოდი. დილიდან საღამომდე ეზოში ვიყავი. მაშინ სხვა დრო იყო. ახლა ორი შვილი მყავს და ეზოში არ ჩადიან. მათ კომპიუტერი და მობილური აინტერესებთ. სხვა თაობაა. მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა დროა. ''პლეხანოველი'' ვარ და ჩემს უბანში ბავშვები ყოველდღე ეზოში ვიყავით.

- ბურთის კენწვლა უფრო ადრე ისწავლე თუ წერა-კითხვა?

- ბურთის კენწვლა. ფეხბურთზე 6 წლის ასაკიდან დავდიოდი. სკოლის პირველივე დღის საღამოს ''ნორჩი დინამოში'' მივედი. ჩემი პირველი მწვრთნელი გოჩა ხიტირი იყო. თავიდან გუნდში 6 ბავშვი ვიყავით: მე, ილურიძე და კიდე 4. შემდეგ შემოგვემატნენ. ორი თვის შემდეგ ებრალიძე ლანჩხუთიდან ჩამოვიდა. ისეთი გუნდი ვიყავით, რომ 2 წლით დიდებს ძალიან თავისუფლად ვუგებდით. სპორტის სასახლეში ''ბენდელა'' ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, შემდეგ ასაკმა აღარ შეგვიწყო ხელი.

- პირველი ემოცია, როცა გაიგე რომ ''აიაქსში'' მიდიოდი სტაჟირებაზე.

- მაშინ 13 წლის ვხდებოდი. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა.ჰოლანდიაში ''ფონდი არველაძის'' დახმარებით წავედი. ვარჯიშებზე ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ჩემს ასაკში კარგად ვთამაშობდი და 2 წლით დიდებში გადამიყვანეს. მწვრთნელს ძალიან მოვწონდი. ჰოლანდიაში იმიტომ ვერ დავრჩი, რომ არაევროკავშირელის პასპორტი მქონდა. პრობლემის მოსაგვარებლად ''აიაქსს'' ჩემს გამო 460 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. ამ თანხას 13 წლის ფეხბურთელში არავინ გადაიხდიდა.''აიაქსში'' 20 დღე გავატარე.

მახსოვს ერთხელ რონალდ დე ბურს გავუარეთ და ვარჯიშზე წავედით. არველაძეებმა ჩემს ვარჯიშზე მოიყვანეს, უთხრეს საქართველოდან ფეხბურთელი გვყავს ჩამოყვანილიო. ვარჯიშის შემდეგ რესტორანში წავედით, სადაც ''აიაქსის'' ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მათი სახელები არ მახსოვს.

- როცა ამსტერდამის ‘‘აიაქსში’’ ვარჯიშობდი, შოთა არველაძე ‘‘ალკმარის’’ლიდერი, კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი იყო. დაესწარი ‘‘ალკმარის’’ მატჩს?

-  როცა ''ფონდი არველაძის'' დახმარებით ‘‘აიაქსში’’ ჩავედი, აჩიც და რეზიც იქ იყვნენ. პატარა ვიყავი, ცოტა მორიდებული. ‘‘ალკმარის’’ თამაშზე ყველანი ერთად წავედით. მაგარი თამაში გამოვიდა. შოთიმ 1 საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ გოლი გაიტანა, ‘‘ალკმარი’’ ‘‘ჰერაკლესს’’ 2:0-ს უგებდა,

 ‘‘ალკმარის’’ სტადიონი პატარა იყო. დაახლოებით ისეთი, როგორიც ‘‘ფულემს’’ აქვს. სტადიონზე ძალიან ციოდა, ფეხზე ვიდექით და ჩაის ვსვამდით. ‘‘ჰერაკლესმა’’ 1 გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა. ბოლო წუთზე კუთხური ‘‘ალკმარის’’ კართან დაინიშნა. ‘‘ჰერაკლესის’’ მეკარე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და თავით შეაგდო. შოკში ვიყავი, მთელი სტადიონი გაგიჟებული იყო.

მაშინ შოთი ‘‘ალკმარში’’ თამაშობდა,  გუნდის კაპიტანი იყო. ვარჯიშის შემდეგ შოთი მოვიდოდა ხოლმე, ტახტზე დაჯდებოდა, ფეხებს ''პუფებზე'' დააწყობდა. იკითხავდა ''პულტი სად არისო. მიუტანდნენ, ტელევიზორს უყურებდა და ასე ისვენებდა. მაშინ 32 წლის იყო და ვარჯიშებზე ძალიან იღლებოდა. როცა შოთი ისვენებდა, ყველა ჩუმად იყო.

- საუკეთესო ''ფინტი'' შენი შესრულებით.

- ''ფინტებს'' ხშირად ვაკეთებ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ''ლოკომოტივში'' თამაშისას ''დინამოსთან'' იყო. ''მიხეილ მესხზე'' პაპუნაშვილს და კიტეიშვილს ''ზიდანის ფინტი'' გავუკეთე. მაგრად გამომივიდა.

 - ყველაზე ნიჭიერი თანაგუნდელი ''ნორჩი დინამოდან.''

- ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ძალიან მაგარი გუნდი გვყავდა. მოქმედ ფეხბურთელებზე ვიტყვი, ილურიძესა და ებრალიძეს გამოვყოფ. უნიჭიერესები იყვნენ.

- ავთო ებრალიძესთან ერთად ესპანურ ''ხეტაფეში'' ისინჯებოდი. რთული აღმოჩნდა ესპანურ კლუბში მოხვედრა?

- ‘‘ხეტაფეში’’ ესპანელმა აგენტმა ჩაგვიყვანა. როგორი ვითარება იყო იცი? სინჯებზე 500 კაცი მოვიდა და ერთი დღის განმავლობაში ოთხი 90-წუთიანი შეხვედრა ჩავატარე. ესპანელმა აგენტმა არ გვითხრა, რომ ასე იქნებოდა.

მე და ავთო მშობლებთან ერთად ხეტაფეში მანქანით ჩავედით. სტადიონზე დილის 10 საათზე მივედით, სადაც სხვადასხვა ეროვნების ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაგვხვდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენი დარჩენის საკითხი 1 მატჩით გადაწყდებოდა. პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე, საგოლე პასიც შევასრულე. აღმოჩნდა, რომ კიდევ 3 თამაში უნდა ჩამეტარებინა. სამი თამაშისა და ეტაპობრივი გაცხრილვის შემდეგ 500-დან მხოლოდ 22 ფეხბურთელი დაგვტოვეს. მათ შორის მე და ავთოც მოვხვდით.

ბოლო თამაში საღამოს ხუთ საათზე იყო, ძლივს ჩავატარე. ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, დაახლოებით 40 გრადუსს აღწევდა და ერთ დღეში მეოთხე 90-წუთიან მატჩს ვატარებდი. თამაშის შემდეგ 5 ფეხბურთელის გვარი ამოიკითხეს, მათ შორის მე და ავთო ებრალიძეც მოვხვდით, შემდეგ მე და ერთი ესპანელი გამოგვიშვეს, ავთო კი ''ხეტაფეს'' 19 წლამდე გუნდში აიყვანეს. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და მივულოცე.

 ავთომ ‘‘ხეტაფეს’’ 19 წლამდე გუნდში 1 წელი გაატარა. ზოგადად ესპანეთში დამკვიდრება ძალიან რთულია, რადგან ვინც ‘‘რეალსა’’ და ‘‘ბარსელონაში’’ ვერ ხვდება, მიდის ‘‘ხეტაფეში,’’ ‘‘ლევანტეში’’ ან სხვა გუნდში. ისინი საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და მათთან კონკურენცია რთულია. ავთო ესპანეთიდან პორტუგალიაში წავიდა. ყოველთვის ვამბობ, რომ მან ბევრი იშრომა, ენაც საკმაოდ კარგად ისწავლა და პორტუგალიურ ფეხბურთში დამკვიდრდა. 

- შენი აზრით მხოლოდ ტრავმებია იმის მიზეზი, რომ მოლოდინი ვერ გაამართლე?

- მთავარი მიზეზი ტრავმებია, თუმცა ვთვლი, რომ ევროპაში ნაადრევად წავედი. ცხადია, შესაძლებელი იყო ყველაფერი უკეთ წარმართულიყო, მაგრამ როგორც მოხდა, იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნაადრევი ნაბიჯი გადავდგი.

ჩემს ოჯახში თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ სათამაშოდ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი, რაც მე არ მომწონდა.18-წლამდე საქართველოში რომ მეთამაშა, ჩემი კარიერა უკეთ განვითარდებოდა. საქართველოდან წასვლა ნაჩქარევი იყო. ამ აზროვნებით, ახლა რომ ევროპაში წავიდე, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ როცა ბავშვი ხარ, 13, 14 ან 15 წლის, დამკვიდრება ძალიან ძნელია. ვარჯიშზე გადიხარ და ცოტა მორიდებული ხარ, უცხო ქვეყანაში ხარ და ბევრ სირთულეს აწყდები.

 პორტუგალიაში საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა,  რის გამოც 1 წელი გამიცდა. ეს დიდი დროა და ნებისმიერ ფეხბურთელზე უარყოფითად აისახება.  პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის კლუბ ''ოდიაშში'' 1 სეზონი ვითამაშე. 16 წლის ვიყავი, ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგჯერ სასტარტოში ვიყავი, ხან კი თამაშის მიმდინარეობისას შევდიოდი მინდორზე. ვთამაშობდი, გოლებიც გავიტანე, კარგი პერიოდი იყო. 

პორტუგალიის შემდეგ იყო დანიური ‘‘ორჰუსი,’’ სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მწვრთნელებსა და სპორტულ დირექტორს ძალიან მოვწონდი. რომ არა ტრავმა ჩემი კარიერა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.''ორჰუსშიც'' დაახლოებით 1 წელი დავკარგე, რადგან ექიმებმა ტრავმის ზუსტი დიაგნოზი ვერ დამისვეს. ტრავმა თბილისში მოვირჩინე. დღემდე არ ვიცი ზუსტად რა ტრავმა იყო. ჯდომა მიჭირდა, ვარჯიშის დროს ფეხში გრძნობას ვკარგავდი. 

 თავიდან ''ორჰუსის'' 19 წლამდე გუნდში ვვარჯიშობდი. სამშაბათსა და ხუთშაბათს დილის ვარჯიში 8 საათზე იწყებოდა. დილის 7-ის ნახევარზე ვდგებოდით და ვარჯიშზე ავტობუსით მივდიოდით. იმდენად დაბალი ტემპერატურა იყო, ფეხის თითებს ვერ ვგრძნობდი. საერთო ჯამში ბევრი ვიწვალე ევროპულ ფეხბურთში დასამკვიდრებლად, მაგრამ როცა ''ორჰუსში'' ყველაფერი კარგად მიდიოდა, წელის ტრავმა მივიღე და თითქმის 1 წელი გამიცდა. როცა მთავარი მწვრთნელის, პიტერ სორენსენის ოთახიდან უკანასკნელად გამოვედი, ყველაფერმა გონებაში გამიარა, რაც გამოვიარე და უცბად ეს ყველაფერი გაქრა. შოკში ვიყავი.

- ბავშვობაში სწავლასთან მიმართებაში როგორი იყო შენი დამოკიდებულება?

- სკოლაში ყოველდღე ვერ დავდიოდი, რადგან ხან თამაში გვქონდა, ხან კი ვარჯიში. იმდენად კარგი გუნდი გვყავდა, რომ თითქმის ყველა მოთამაშე ფეხბურთზე იყო ორიენტირებული. ჩვენთვის სწავლა მეორეხარისხოვანი იყო. 24-ე სკოლაში დავდიოდი, ყველაზე კარგად ინგლისურს ვსწავლობდი, რაც შემდგომში უცხოეთში ყოფნისას გამომადგა. 

- ფეხბურთში რა არის შედეგზე მნიშვნელოვანი?

- შედეგი უპირველესია, როგორც ინდივიდუალური კუთხით, ასევე გუნდური თვალსაზრისით. რაც უფრო მეტ გოლს გაიტან და რაც უფრო მეტ საგოლე პასს შეასრულებ, უფრო შედეგიანი და წარმატებული ხარ. იდეალურია თუ გუნდი პირველ ადგილზე გადის.

-  ქვეყანა თუ ეკონომიკურად არ განვითარდა, ფეხბურთი განვითარდება?

- რთულად განვითარდება, მაგრამ დადებითად ვაფასებ, რაც ახლა ხდება კლუბების დაფინანსებისა და ჩემპიონატის გაშუქების კუთხით. ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე თითოეული თამაშის ყურება შესაძლებელია. წლების წინ ასე არ იყო და დღეს ეს პლუსია. ნელ-ნელა იწყება სავარჯიშო მოედნების, სტადიონების მოწესრიგება და რეკონსტრუქცია, რაც აუცილებელია.

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მუშაობას როგორ შეაფასებ ?

- ფაქტია, რომ ფონდის მუშაობამ კლუბებისთვის ფინანსური სტაბილურობა მოიტანა.

- ბავშვობაში კედელზე რომელი ფეხბურთელის პოსტერი გქონდა გაკრული?

- თავიდან რივალდოსი და შემდეგ რონალდინიოსი. ოჯახში მხოლოდ ''ბარსელონას'' ქომაგები ვართ. ჩემს ძმას ძალიან მოსწონდა რივალდო, თვითონაც ყოფილი ფეხბურთელია.თან რივალდო ცაცია იყო და სხვა ეფექტი ჰქონდა. რივალდოს შემდეგ რონალდინიო იყო, მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია გვქონდა.

- ფეხბურთის გარდა რომელი სფეროა შენთვის საინტერესო?

- ძალიან მიყვარს ჩოგბურთი. მგონი ფეხბურთი არ მიყვარს ისე, როგორც ჩოგბურთი. მშობლებს ვეუბნები ხოლმე, ფეხბურთზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი. ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე ნორმალურად ვთამაშობ. ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაშიც და ჩოგბურთის ყურებაც.

- ფეხბურთი ვითარდება და იცვლება. ფეხბურთში რა რჩება უცვლელი ?

- ფეხბურთელის ინდივიდუალური შესაძლებლობები. რაც იცვლება არის ის, რომ დღითიდღე და წლიდან წლამდე ფეხბურთში სულ სხვა ტემპია. რეალურად ევროპული ფეხბურთი სულ სხვა დონეზეა. ზოგადად ფეხბურთში უცვლელი რჩება მოთამაშის ინდივიდუალური შესაძლებლობები, მაგრამ თუ არ განავითარე, არაფერი გამოვა. მაგალითად თუ მე არ ვივარჯიშებ და როგორც ფეხბურთელი არ დავიხვეწები, პროგრესი შეუძლებელია.

- ‘‘ორჰუსიდან’’ წამოსვლის შემდეგ ჩრდილში მოექეცი. დეპრესიული პერიოდი გქონდა?

- დიახ, მქონდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი დევდარიანს დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ როცა უგუნდოდ ვიყავი და მაგრად მიჭირდა, ყველანაირად გვერდით დამიდგა. სხვა ასე არ მოიქცეოდა. მას პირადად ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე, დიდი სიმპათია ჰქონდა და გვერდით დამიდგა. მისი მადლიერი ვარ.

როცა ‘‘ორჰუსიდან’’ წამოვედი, დევდარიანმა მიმიყვანა თბილისის ‘‘დინამოშიც,’’ გორის ‘‘დილაშიც’’ და თბილისის ‘‘ლოკომოტივშიც.’’ რომ არა გიორგი დევდარიანი, ახლა მე შეიძლება საქართველოს ჩემპიონი ვერ გავმხდარიყავი.

- ‘‘ორჰუსში’’ თამაშის ნოსტალგია გაქვს?

- რა თქმა უნდა. საზღვარგარეთ თამაში ძალიან მინდა. ჩემი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი კარიერის უცხოეთში გაგრძელებაა.

- სამახსოვრო ნივთი დანიაში გატარებული პერიოდიდან.

- ‘‘ორჰუსის’’ ფორმა. 14-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, მაგრამ შეცდომით 15-ნომრიანი დაბეჭდეს. ამ ფორმით ვერ ვითამაშებდი და მაჩუქეს. ‘‘ორჰუსის’’ ფორმა სახლში მაქვს და ვუფრთხილდები.

- მოედანზე რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

- როცა ბურთი მაქვს და როცა კარგ ხასიათზე ვარ. უბურთოდ თამაში არ მიყვარს.

-  ფეხბურთთან დაკავშირებული საყვარელი ფოტო.

- სადებიუტო თამაში ''ორჰუსში.'' ბოლო ტური იყო,  მთავარმა მწვრთნელმა პიტერ სორენსენმა მოედანზე 70-ე წუთზე შემიყვანა. ძალიან გახარებული ვიყავი. ''კიოგესთან'' 4:2 წავაგეთ, თუმცა პირველ ადგილზე გავედით და სუპერლიგაში დავბრუნდით. ‘‘კიოგე’’ მეორე ადგილზე გავიდა. ''ორჰუსში'' სადებიუტო მატჩისას გადაღებულ ფოტოს გამოვარჩევ. მომწონს ფოტო და დასამახსოვრებელია, რადგან დიდ ფეხბურთში პირველად ვითამაშე.

- ყველაზე ლამაზი პასი სხეულის რომელი ნაწილით კეთდება ?

- მომენტს გააჩნია. რონალდინიო პასებს ზურგით აკეთებდა ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური ქუსლით შესრულებული გადაცემაა.

- გაიხსენე პირველი დღე დანიურ ''ორჰუსში.''

- ორჰუსში მე, დავით ლეგაშვილი, დავით სხირტლაძე და ლაშა შინდაგორიძე ერთად ჩავედით. დანიურ კლუბში მახო მუსერიძემ, გუგა კაჭახიძემ და ბესო აბაშიძემ ჩაგვიყვანეს. ისინი გერმანელ აგენტ ჰაინრიხ მეცგერთან თანამშრომლობდნენ. მოკლედ ორჰუსში აგენტებთან ერთად ჩავედით, ვნახეთ სად უნდა გვეცხოვრა, სად უნდა გვევარჯიშა, შემდეგ კი ქალაქში გავედით და ორჰუსი დავათვალიერეთ.

ორჰუსს ორი მხარე აქვს: ახალი და ძველი ორჰუსი. ახალ ორჰუსში წყლის არხი გადის, მის გასწვრივ ბარები და რესტორნებია. მე და დავით დევდარიანმა ბინა ახალ ორჰუსში ვიქირავეთ და იქ წელიწადნახევარი ვიცხოვრე.  ძველ ორჰუსში ძირითადად პატარა სახლებია. ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი ქალაქია, როგორც გართობის მხრივ, ასევე განათლების მიღების კუთხით, რადგან ბევრი უნივერსიტეტია. დანიაში ორჰუსი სიდიდით მეორე ქალაქია. 

- ფეხბურთთან დაკავშირებული სიზმარი.

-  ბოლო პერიოდს გავიხსენებ, ‘‘დინამოსთან’’ ძალიან პრინციპული თამაშის წინ დამესიზმრა, რომ მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით. სიზმარში ვნახე, რომ 3:0 გავიმარჯვეთ და მე 1 გოლი გავიტანე. დილით ბიჭებს ვუთხარი, რომ 3:0 მოვიგეთ, არ ინერვიულოთ-მეთქი. საბოლოოდ 2:1 მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით.

- ''ორჰუსში'' დიდი გამოცდილების მქონე მარტინ იორგენსენი თამაშობდა. როგორ დაახასიათებ მას?

''ორჰუსში'' ყველაზე ცნობილი იორგენსენი იყო. ჩვენ ვარჯიშებზე ავტობუსით მივდიოდით, ის ''ფერარით'' მოდიოდა. მან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და როცა ასაკი ემატებოდა, დაცვაში გადაწიეს, მაგრამ იმდენად მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, რომ დაცვის ცენტრშიც ძალიან მაგრად ითამაშა.

როცა ვარჯიშზე კარი უნდა გადაგვეტანა, მეხუმრებოდა ხოლმე, გეგა მიდი 18 წლის ხარ, აიღე კარი და მარტომ გადაიტანეო.დამამახსოვრდა, როგორც ძალიან კეთილი და თავმდაბალი პიროვნება. ერიქსენის სტილის ფეხბურთელი იყო, მაგრამ შედარებით უკან, საყრდენზე თამაშობდა. იორგენსენი ბურთს მაგრად ''იჭერდა'' და შესანიშნავად ''ანაწილებდა.''

- კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ჰოლანდიაში, პორტუგალიასა და დანიაში ცხოვრობდი. პიროვნული განვითარების კუთხით რა მოგცა ევროპაში გატარებულმა წლებმა?

- როცა მარტო რჩები, ბევრს ფიქრობ და ფიქრში იზრდები. ფიქრობ რა არის კარგი შენთვის და შენი ოჯახისთვის. რეალურად დიდი გამოცდილება მივიღე, ამ აზროვნებით წარსულში რომ დავბრუნდე, ამ აზროვნებით ''ორჰუსში'' რომ მეთამაშა, ახლა შეიძლება ძლიერი ევროპული კლუბის ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ბავშვი ვიყავი და ფაქტობრივად ევროპაში გავიზარდე, მაგრამ მათგან არაფერი ამიღია. დავრჩი ისეთი, როგორიც ვიყავი.

- ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გითამაშია.

- ავთო ებრალიძე და გიორგი ილურიძე.

- რამდენ ენაზე შეგიძლია საუბარი?

- ქართულისა და რუსულის გარდა ინგლისური ვიცი საკმაოდ კარგად, პორტუგალიური კი სასაუბრო დონეზე. ჩემს თანაგუნდელ ვაგნერ გონსალვეშს პორტუგალიურად ვესაუბრები. ვაგნერი ხომ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროშია გაზრდილი.

- ‘‘ნორჩი დინამოსთან’’ რომ გაივლი ხოლმე, რა გრძნობა გეუფლება?

- ხშირად მიწევს ‘‘ნორჩი დინამოსთან’’ გავლა და გული მიკვდება. ძალიან მაგარი ადგილია. ახლოს ვცხოვრობდი და ფეხით გადავდიოდი ხოლმე. მახსოვს განათების სისტემაც დაამონტაჟეს, რამდენიმე ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი დააგეს, კარგად უვლიდნენ და შემოსავალიც ჰქონდათ.

ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ‘‘ნორჩი დინამოში’’ გაიზარდა, თუმცა მფლობელებმა ტერიტორია გაყიდეს და წარსულში ძალიან მნიშვნელოვანი საფეხბურთო სკოლა დღეს განადგურებულია. დიდი ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონდეს, ''ნორჩი დინამოს'' ინფრასტრუქტურულად გავმართავდი.

- ქართულ ფეხბურთში ისეთი ადამიანი თუ შეგხვედრია, რომელიც სხვას ჩაგრავს?

- არა. მე არ შემხვედრია. პირადად მე რაც გადამხდა თავს, ასეთი შემთხვევა არ მქონია.

- ჩემპიონობა რომელი ალკოჰოლური სასმელით აღნიშნე?

- დალევა არ მიყვარს. ''დინამოსთან'' მოგების შემდეგ არაყი დავლიე. თუ დათრობა მინდა, ყველაფერს არაყი მირჩევნია, მაგრამ ზოგადად დალევა არ მიყვარს.

- წერილი გაგიგზავნია?

- ბავშვობაში მამაჩემს ვუგზავნიდი წერილებს, რომელიც დღემდე პორტუგალიაში ცხოვრობს. წერილს მე და დედა ვწერდით ხოლმე. შეყვარებულთან წერილი არ გამიგზავნია, რადგან მაშინ ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებული იყო.

- ''საბურთალოს'' გასახდელში კარგი იუმორის გრძნობით ვინ გამოირჩევა?

- ლაზარე კუპატაძე. ლაზარე ჩემი თანაგუნდელი ''ლოკომოტივშიც'' იყო, მაშინაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ მაშინ სახლში არ იყო. ახლა ''საბურთალოშია'' და ისე მაგრად ''ღადაობს,'' რომ ყოველდღე კომედია გვაქვს ხოლმე.

- გურამ კაშიას ადგილზე LGBT სამკლავურს გაიკეთებდი?

-  მე არ გავიკეთებდი. ახლა ასე ვფიქრობ. არ მომწონს და ჩემს აზრს საქართველოს გარდა ბევრ ევროპულ ქვეყანაში იზიარებენ, მათ შორის ინგლისშიც. აღნიშნული ტიპის აქცია ინგლისის პრემიერლიგაში ახლახანს გაიმართა. Instagram-ზე გვერდი 433 მაქვს გამოწერილი, სადაც პრემიერლიგის ერთ-ერთი კაპიტნის ფოტოზე უარყოფითი შინაარსის უამრავი კომენტარი შემხვდა. საერთოდ ფეხბურთთან რა შუაშია? ჩემი აზრით ფეხბურთში მსგავსი აქცია არ უნდა იყოს.

- შენი საუკეთესო გოლი ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში.

- ფოთის ''კოლხეთთან.'' ბურთი მივიღე, ვაგნერს მივეცი, მომცა, ორ ფეხბურთელში გავძვერი, ერთი მეტოქე ''მოვტეხე'' და მარცხენა ფეხით გავიტანე.

- შენი საუკეთესო საგოლე პასი ეროვნული  ლიგის 2018 წლის სეზონში.

- კვლავ ფოთის ''კოლხეთთან'' შეხვედრა მახსენდება. ბურთი გოშთელიანმა მომცა და არც გამიხედავს ისე მივეცი პასი ელვინ ტერას. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

- ყველაზე კრეატიული ქართველი ფეხბურთელი დღეს.

- გიორგი  ჩაკვეტაძე. ის ძალიან მაგარი ბიჭია. დღესდღეობით ჩაკვეტაძე საუკეთესოა იმ მხრივ, რომ ყველაფერს სისწრაფეში აკეთებს, რის საშუალებასაც გონება და ფიზიკური უნარები აძლევს. 

- გიორგი დევდარიანის ფორმაციის თბილისის ‘‘ლოკომოტივის’’ კრიზისი რამ განაპირობა?

- ფეხბურთია, შეიძლება 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს სჯობდე, თუმცა ბოლო წუთზე გოლი გაუშვა და დამარცხდე. ზედიზედ 5 თამაში წავაგეთ, თუმცა ჩავარდნის მიუხედავად გუნდში კარგი ატმოსფერო იყო.

მიმდინარე წელს ‘‘საბურთალო’’ დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ დავმარცხდით, შემდეგ ფრედ ვითამაშეთ, თითქოს ‘‘დინამო’’ გვეწეოდა და კრიზისი გვეწყებოდა, მაგრამ ტატანაშვილმა ‘‘ჩიხურას’’ 85-ე წუთზე გაუტანა, მოვიგეთ და ყველაფერი შემოტრიალდა. დაკარგული ქულების მიუხედავად გუნდში კარგი სიტუაცია იყო. ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ყოველ თამაშზე მოსაგებად გავდიოდით. თითოეულ შეხვედრაში მიზანი გამარჯვება იყო.

- შენი მონაწილეობით ''საბურთალოს'' საუკეთესო კომბინაცია.

- ეროვნული ლიგის მესამე ტურში გორის ''დილასთან''. გორგიაშვილის პასის შემდეგ ვოლკოვმა დამიგდო და გავიტანე. 

 

- როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა უფრო გაწუხებს ლარის კურსი თუ დაკარგული ტერიტორიები?

- დაკარგული ტერიტორიები. ფული არაფერია. ან გაქვს, ან არა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს ძალიან უჭირს, რაც ძალიან სამწუხაროა.

- განსხვავებული აზრის შემთხვევაში მწვრთნელთან გიკამათია?

- დიახ. ყოფილა ასეთი შემთხვევა.

- რა უფრო უსიამოვნოა, სტადიონზე რომ გატყუებენ თუ სტადიონს მიღმა?

- არც ერთი. ორივე უსიამოვნოა, თუმცა თუ მოედანზე მოგატყუებენ და თანაგუნდელი დაგაზღვევს, მოედანს მიღმა ვინ უნდა დაგაზღვიოს?

- ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიცია გაქვს?

-  ამბიცია მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთულია. თუ საზღვარგარეთ მომიწევს თამაში,  ეროვნულ გუნდში მოხვედრის შანსი გაიზრდება.

- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილისტურად ხარ განწყობილი?

- ახლახანს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი, მაგრამ პოლიტიკა დიდად არ მაინტერესებს. ჩემი საქმე მაქვს და ამ საქმეს მივყვები, ფეხბურთში ვარ ჩართული.

- არსებული რესურსით ''საბურთალოს'' შანსს ევროტურნირებზე როგორ აფასებ?

- ''საბურთალო'' ძალიან კარგი გუნდია. 2018 წლის სეზონი სტაბილურად ჩავატარეთ.კლუბის მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს ჩვენი სჯერათ და გუნდის გაძლიერებისთვის რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ. ''საბურთალო'' კარგი გუნდია. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

- თბილისთან შედარებით რეგიონებში საფეხბურთო მატჩებს გაცილებით მეტი ქომაგი ესწრება. რა არის ამის მიზეზი?

- თბილისში ეროვნული ლიგის შეხვედრებს ინტერნეტის საშუალებით უყურებენ, სტადიონებზე კი ძირითადად ფეხბურთელების ოჯახის წევრები და მეგობრები დადიან. რაც შეეხება რეგიონებს, იქ უფრო პატარა სტადიონებია. შესაძლოა რეგიონებში უფრო მეტი დრო აქვთ და ფეხბურთიც უფრო მეტად უყვართ. რეალურად თბილისში ეროვნული ლიგისადმი ინტერესი საკმაოდ მცირეა. ვითარება შეიცვლება თუ ქართული კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება. ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებები მოიპოვა და ეროვნული გუნდის მიმართ ყველა დადებით კონტექსტში საუბრობს. წარმატებას მოაქვს ინტერესის ზრდა.

- საუკეთესო გარემო განტვირთვისთვის.

- სახლში მარტო ყოფნა. ბავშვებთან ერთადაც კარგია, მაგრამ ხანდახან დასვენებისთვის მარტო ყოფნაა საჭირო.

- ისეთი თამაში, რომლის შესვენებისას კონკრეტული გუნდის გასახდელში მწვრთნელის საუბარს მოისმენდი.

- ''მანჩესტერ სიტის'' წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ გუარდიოლას საუბარი საინტერესო იქნებოდა.

- დანიელებმა რა თვისებების ხარჯზე შექმნეს ასეთი კარგი ქვეყანა?

- დისციპლინის მოყვარული და განათლებული ერია. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ დანიაში ინგლისურად საუბრობს საერთოდ ყველა. სხვა ქვეყნებში ასე არაა. ხალხი ძალიან თბილი და მეგობრულია.

- ქართული ფეხბურთის უკუსვლა რომელმა უარყოფითმა თვისებებმა განაპირობეს?

- სიზარმაცე ქართველების უპირველესი მტერია.

- თანაგუნდელები გასახდელში ფეხბურთის გარდა რა თემებზე საუბრობთ?

- ძალიან ბევრ თემაზე. გასახდელში საერთოდ ყველაფერზე ვსაუბრობთ.

- ჰოლანდიაში თამაშისას შოთა არველაძემ ასეთი რამ თქვა: ''ფეხბურთი ხელოვნურ ბალახზე იგივეა, რაც სექსი - პრეზერვატივით.'' ეთანხმები მის მოსაზრებას?

- დიახ. ნამდვილად ასეა.

- მოედანზე რთულია ზღვარის გავლება კრეატიულობასა და პრაგმატულობას შორის?

- არა. 

- მსაჯისთვის მიგიყენებია შეურაცხყოფა?

- კარიერაში მხოლოდ 2 წითელი ბარათი მივიღე. ''ლოკომოტივში'' თამაშისას ''ტორპედოსთან'' შეხვედრაში გვერდით მსაჯს შეურაცხყოფა მივაყენე, რის გამოც მთავარმა მსაჯმა წითელი ბარათი მიჩვენა, რასაც  4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1000 ლარიანი ჯარიმა მოჰყვა.მას შემდეგ დავჭკვიანდი. 2017 წელს 5 ყვითელი მივიღე, 2018 წელს კი მხოლოდ ორი.

- 2015 წლიდან ეროვნულ ლიგაში თამაშობ. მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატმა რეგრესი განიცადა თუ პროგრესი?

- წინ მიდის ძალიან ნელი ნაბიჯებით.

- ისეთ ფეხბურთელს თუ იცნობ, რომელსაც ფეხბურთის ყურება არ უყვარს?

- ბევრი ფეხბურთელი ფეხბურთს საერთოდ არ უყურებს, არ უყვარს კი არა, არც აინტერესებს. გამოდის და თვითონ თამაშობს. ჩემი აზრით ეს კარგი არაა, რადგან ფეხბურთელმა უნდა უყუროს თამაშებს, ამ დროს ბევრ რაღაცას სწავლობ. როცა მაღალი დონის ფეხბურთელი კონკრეტულ ''ფინტს'' შეასრულებს, ვცდილობ თავადაც გამომივიდეს. ვფიქრობ, ვაკვირდები და ვხვდები რა სტილის ფეხბურთელია. ცნობილ ფეხბურთელზე დაკვირვების პროცესი სწავლაში მეხმარება.

- ქართული სპორტული ჟურნალისტიკა მოვლენებს ადეკვატურად აფასებს?

- პრობლემებს ვხედავ, მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს. ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაწერილი შეასწორონ, ხოლო კომენტატორების საქმე უფრო რთულია იმ მხრივ, რომ პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავთ, მაგრამ არ უნდა შეცდნენ, ეს ხომ მათი საქმეა. მაგალითად, კომენტატორებს ფეხბურთელის გვარი არ უნდა შეეშალოთ. ამ ტიპის შეცდომა ხშირად მინახავს.

მასალაში გამოყენებულია  jyllands-posten.dk-ს, fcsaburtalo.ge-სა და გეგა დიასამიძის პირადი არქივის ფოტოები

მთავარ ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: შოთა არველაძე, გეგა დიასამიძე, რონალდ დე ბური, არჩილ არველაძე და გიორგი არველაძე

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები