ზუროსი: ''ბითაძე მსოფლიო დონის ტალანტია''
Aa
Aa

ზუროსი: ''ბითაძე მსოფლიო დონის ტალანტია''

ტალინის "საკუ არენაზე" ესტონეთსა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართა. ილიას ზუროსის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 7 ქულიანი სხვაობით, 80-73, დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 22:19 მოიგეს, მეორეში კი მეტოქეს მხოლოდ და მხოლოდ 13 ქულის დაგროვების საშუალება მისცეს. შესვენების შემდეგ ესტონელები მოტივირებულები გამოვიდნენ და მესამე მეოთხედში 10-2 გაიქცნენ, თუმცა გიორგი შერმადინის, თად მაკფადენის და გოგა ბითაძის საოცარი თამაშის წყალობით ჩვენებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა: ''ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვქონდა მატჩისთვის სრულყოფილად მომზადების დრო. ამასთან, ესტონეთი სხვა სტილის ნაკრებია. მოძრავია და პერიმეტრიდან შესანიშნავად სტყორცნის. ასეთი გუნდების დაჭერა ყოველთვის რთულია. ხელს ისიც გვიშლიდა, რომ გვქონდა მცირე ტრავმები…

 მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში. ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს დღესაც დაამტკიცა. მათთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ.

 კიდევ უფრო რთული ბრძოლა გველის 3 დეკემბერს თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა შინ თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობაა, რადგან სპორტის სასახლე ბოლომდე ივსება და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერადაც ლამაზი დარბაზისა და ლამაზი თამაშის მომსწრენი გავხდებით.''

ფოტო: gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები